Google Maps-ის არასწორი მითითებების გამო ავსტრალიაში ოჯახი 2 დღე დაკარგული იყო
GPS ნავიგაციებმა ჩვენი გადაადგილების ტრანსფორმაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სასურველ ადგილას მისვლის მითითებების გარდა, აპლიკაცია სხვა ისეთ ინფორმაციასაც გვაწვდის, როგორიც, მაგალითად, საცობებია. ამიტომ ხალხის უმეტესობა მას ყოველდღიურად იყენებს. მიუხედავად ამისა, ეს სისტემა შეუცდომელი არ არის. ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც Google Maps-მა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა.
ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე ვისაუბრებთ. ერთი შეხედვით უწყინარმა ამბავმა ავსტრალიაში კინაღამ ოჯახი იმსხვერპლა.
ავსტრალიის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მოხსენებით, 8 აგვისტოს მათ შეტყობინება მიიღეს, რითაც ოჯახის დაკარგვის შესახებ ამცნეს. დაკარგულ ადამიანები დანიშნულების ადგილას წინა დღით უნდა მიეღწიათ. მალე პოლიციამ გამოძიება და სამძებრო სამუშაოები დაიწყო. საქმიანობაში სხვადასხვა სააგენტოები და მოხალისეებიც ჩაერთნენ. მალე კი დაკარგული Hyundai Tucson-ის ვერტმფრენით პოვნა დანიშნულების ადგილიდან 50 კილომეტრის დაშორებით მოახერხეს. ოჯახი გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ადამიანები ამ ადგილას Google Maps-ის გამოყენების შედეგად აღმოჩნდნენ. იმ იმედით, რომ მალე გზატკეცილს მიაღწევდნენ, მძღოლი უგზოობაში გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, მანქანა ტალახში გაჩერდა და გზა ვეღარ გააგრძელა. სატელეფონო კავშირის გაწყვეტის გამო კი შესაბამის სამსახურთან დაკავშირებაც ვერ მოახერხეს. საბედნიეროდ, მაშველებმა ოჯახი გადაარჩინეს, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა საბედისწეროდ დასრულებულიყო. ამ ადამიანებს მხოლოდ 1 ლიტრი წყალი ჰქონდათ დარჩენილი.
საქართველო ავსტალიის მასშტაბების ქვეყანა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ უცნობ ადგილზე მისვლის გზას წინასწარ გადახედავთ და ტერიტორიას აპლიკაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით იცნობთ. ფაქტია, რომ ასე ბევრ თავისტკივილს აიცილებთ თავიდან.