ჰუმანოიდი რობოტი, ტოიოტა, ავტოწარმოება, რობოტები
Aa
Aa

Toyota-ს ქარხნებში 400 000 რობოტი იმუშავებს | ჩაანაცვლებენ ისინი ადამიანებს?

ბოლო წლებია, ავტომობილების წარმოების პროცესში რობოტების ჩართულობა უკვე აღარავის უკვირს. ავტომატური მოწყობილობები ათწლეულებია, მანქანების ნაწილების შედუღებასა და აწყობაზე მუშაობენ — ეს კომპანიებს წარმოების პროცესის დაჩქარებასა და ეფექტიანობის ზრდაში ეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

თუმცა Toyota ახლა უკვე ავტომატიზაციის პროცესის სრულიად სხვა მასშტაბებზე გადასვლისთვის ემზადება. უახლოეს მომავალში კი იაპონური ავტომწარმოებლის ქარხნებში მომუშავე რობოტების რაოდენობა, შესაძლოა, საშუალო ზომის ქალაქის მოსახლეობასაც გაუტოლდეს.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, Toyota-ს გეგმა მხოლოდ იმ დიდი ზომის მექანიკურ, რობოტიზებულ მექანიზმებს არ ეხება, რომელთა ჩართულობაც ასაწყობ ხაზზე უკვე სტანდარტული მოვლენაა. იაპონური კომპანიის გეგმაში შედის სამრეწველო დანადგარები, ავტომატიზებული ლოგისტიკის სისტემები და ახალი თაობის რობოტები, რომლებიც ადამიანებთან ერთად იმუშავებენ.

Nikkei Asia-სა და Reuters-ის ცნობით, Toyota-მ ინვესტორებს განუცხადა, რომ მისი საწარმოო ქსელის, ჯგუფში შემავალი კომპანიებისა და მსხვილი მომწოდებლების მასშტაბით, შესაძლოა, 400 000-მდე რობოტის გამოყენება გახდეს საჭირო. ავტომატიზაციის მსგავსად მასშტაბური გეგმის მოცულობა კი, 2028 წლიდან, შესაძლოა, წლიურად 1 ტრილიონ იენს, დაახლოებით 6.4 მილიარდ აშშ დოლარს, მიაღწიოს.

ეს მოიცავს როგორც არსებული დანადგარების ჩანაცვლებას, ისე ახალი მოწყობილობების დამატებას. შესაბამისად, საუბარია როგორც ჰუმანოიდ, ასევე არაჰუმანოიდ რობოტებზე. ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, $6.4 მილიარდი ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და გეგმის რეალური მოცულობა ჯერ არ დადასტურებულა.

თუმცა, არსებული იდეით, Toyota-ს სურს, რომ მანქანებმა ცოდნა პირდაპირ გამოცდილი თანამშრომლებისგან მიიღონ. მუშებს შეუძლიათ, მათ კონკრეტული საწარმოო პროცესები დაასწავლონ და, შედეგად, შეიქმნება მონაცემები, რომლებიც შემდგომში Toyota-ს სხვა ქარხნებში მათი გაწვრთნისთვის იქნება გამოყენებული. ამ მიდგომას კიდევ ერთი მიზანი აქვს — Toyota-ს თანამშრომლების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის შენარჩუნება.

ბუნებრივია, მსგავსი გეგმები აჩენს კითხვასაც — რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებიც ქარხანაში ამავე საქმეს ასრულებენ?

Toyota-ში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ადამიანების სრულად ჩანაცვლება არაა. „ჩვენ ისეთი სამყარო გვსურს, სადაც რობოტები ადამიანებთან ერთად თანაარსებობენ და მათ არ ანაცვლებენ“, — განაცხადა Toyota-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰიროკი ნაკაჯიმამ Nikkei Asia-სთან საუბრისას.

თანაც, Toyota არც ერთადერთი ავტომწარმოებელია, რომელიც ქარხნებში რობოტების გამოყენების გაფართოებას გეგმავს. მაგალითად, ასეთია Hyundai, რომელიც 2028 წლიდან ჯორჯიის შტატში მდებარე ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტების გამოყენების დაწყებას გეგმავს. მსგავსად კი არაერთი სხვა, როგორც ევროპული, ასევე აზიური ავტომწარმოებელი იქცევა და, წესით, ეს პროცესი მომავალში გარდაუვალიცაა.

მსგავსი სიახლეები