ჩინეთი, ტექნოლოგიები, ავსტრალია, სპეც. ტექნიკა
Aa
Aa

ჩინელებმა შექმნეს რობოტი-მანქანა, რომელიც საათში 100 000 სარეველას ანადგურებს

გლობალური სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ფონზე, ჩინელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უპილოტო რობოტი-მანქანა შექმნეს, რომელიც სარეველებს მილიწამებში, მაღალენერგეტიკული ლაზერის დარტყმით ანადგურებს. ინოვაციური ტექნოლოგია ქიმიური ჰერბიციდების გამოყენების საჭიროებას სრულად აუქმებს.

მოწყობილობა ჩანჩუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კომპანია Ningbo Yibin Electronic Technology-ს ერთობლივი, 20 მილიონი იუანის (დაახლოებით 2.94 მილიონი დოლარი) ღირებულების პროექტის შედეგია. მეოთხე თაობის თვითმავალმა ლაზერულმა რობოტმა საველე გამოცდები წარმატებით დაასრულა და ახლა მისი სერიული წარმოების დროც დადგა

რობოტი იყენებს უპილოტო პლატფორმასა და AI ვიზუალური ამოცნობის სისტემას, რაც მას საშუალებას აძლევს, ნარგავები სარეველებისგან მყისიერად გაასხვავოს. მონაცემთა ბაზა უკვე მოიცავს 10-ზე მეტ კულტურას (მათ შორის სიმინდს, სოიოსა და კარტოფილს), ხოლო მცენარეთა ამოცნობის სიზუსტე 99.5%-ს აღემატება.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სისტემა შთამბეჭდავ მაჩვენებლებს აჩვენებს. ხელოვნური ინტელექტის მიერ სარეველის ამოცნობიდან ლაზერის დარტყმამდე დრო 10 მილიწამზე ნაკლებია, ხოლო მიზნის სიზუსტე 3 მილიმეტრის ფარგლებში კონტროლდება. რობოტი მოძრაობისას ზუსტად სარეველას ზრდის წერტილს აზიანებს, რის შედეგადაც მცენარე ნადგურდება. მოწყობილობას საათში 50 000-იდან 100 000-მდე სარეველის განადგურება შეუძლია, რაც ადამიანის ხელით შრომის ეფექტურობას 50-ზე მეტჯერ აღემატება.

პროექტის ავტორების თქმით, ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის ეკოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ქიმიური ჰერბიციდების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნიადაგის გამოფიტვასა და ტოქსიკური ნარჩენების დაგროვებას, ხოლო ტრადიციული მექანიკური დამუშავება ხშირად თავად კულტურულ მცენარეებს აზიანებს. ახალი ლაზერული ტექნოლოგია კი სრულად ეკოლოგიური და უსაფრთხო ალტერნატივაა. ჩინელებმა აღნიშნული რობოტი-მანქანების ექსპორტი ავსტრალიაში უკვე დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები