„ყალბმა“ პოლიციელმა Tesla გააჩერა და საბოლოოდ თავად აღმოჩნდა დაკავებული
არიზონაში მცხოვრებმა მამაკაცმა გადაწყვიტა, პოლიციელის როლი უკანონოდ მოერგო და თავისი სურვილისამებრ, Tesla-ს მძღოლი გაეჩერებინა. მხოლოდ ელექტრომობილის გაჩერების შემდეგ, პირმა მომხდარზე უკვე ნამდვილ პოლიციას აცნობა და საბოლოოდ, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სწორედ ის დააკავეს.
არიზონას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, Chevrolet-ის მძღოლს თავისი პიკაპის დაფაზე წითელი და ლურჯი ციმციმები ჰქონდა დამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც გზაზე მოძრავი Tesla გააჩერა. ვერცხლისფერ ელექტრომობილში მამაკაცი და ქალი იმყოფებოდნენ. შემდეგ კი, როგორც გითხარით, თავად Chevrolet-ის მძღოლი დაუკავშირდა პოლიციელებსაც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

Chevrolet-ის მძღოლი ადგილზე დარჩა, სამართალდამცავებთან კონტაქტზეც იყო და თან, მათ მისვლას ელოდებოდა. თუმცა სამართალდამცველებმა მომხდარის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ დაადგინეს, რომ მძღოლს სამართალდამცავ ორგანოებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და, შესაბამისად, Tesla-ს გაჩერების უფლებამოსილებაც არ ჰქონდა.

პოლიციელის იმიტაციის ბრალდებით მამაკაცი ადგილზევე დააკავეს. მისი ვინაობა სამართალდამცავებს საჯაროდ არ გაუმხელიათ და მისი მოქმედების მოტივიც უცნობი რჩება. თუმცა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ეს არც პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც დაკავებული პირი მსგავსადაც მოიქცა.
გამომდინარე აქედან, არიზონას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი საზოგადოებას სთხოვს, თუ იმავე პიროვნებას ან ავტომობილს გზაზე ოდესმე გაუჩერებიათ, სამართალდამცავებს ამის შესახებ აცნობოს.