იშვიათი ავტომობილები, სუპერქარები, პორშე, ავტომოყვარულები
Aa
Aa

Apple-ის ახალი CEO ნამდვილი ავტომოყვარულია | და ერთ-ერთი უიშვიათესი Porsche-ც ჰყავს

რამდენიმე კვირის წინ, ჯონ ტერნუსმა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, უკვე ოფიციალურად, ტიმ კუკი შეცვალა. ტერნუსი, რომელიც ახალი სტატუსით ფართო აუდიტორიის წინაშე 9 სექტემბერს, ახალი თაობის iPhone-ების პრეზენტაციაზე წარსდგა.

Apple-ის ახალ CEO-ს თავის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ავტომობილებისა და ავტოსპორტის დიდი მოყვარულის რეპუტაციაც აქვს. მის ავტოფარეხში კი Porsche 935-ს იპოვით, რომელიც ამ გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი უიშვიათესი და გამორჩეული ავტომობილია.

ტერნუსი, სავარაუდოდ, მსოფლიოში მხოლოდ 77 ეგზემპლარად გამოშვებული Porsche 935-ის ერთ-ერთი მფლობელია. ეს მოდელი 1970-იანი წლების ლეგენდარული Moby Dick-ის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და საფუძვლად ძლიერ მოდიფიცირებული 911 GT2 RS უდევს. Porsche 935-ს კარბონის ძარის ქვეშ 3.8-ლიტრიანი ტვინტურბო ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა უყენია, რომელიც 700 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

ეს მოდელი ტერნუსს არც მხოლოდ ავტოფარეხში დასაყენებლად შეუძენია. როგორც ცნობილია, Apple-ის ახალი CEO თავისი სუპერქარით კალიფორნიის ცნობილ Laguna Seca-ს სარბოლო ტრასაზე გადიოდა და იქ 1 წუთსა და 40 წამზე ნაკლები დროის დაფიქსირებაც შეძლო. ეს შედეგი გასათვალისწინებელია, რადგან ტერნუსი პროფესიონალი მრბოლელი არაა და მისი ძირითადი საქმიანობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის მართვაა.

Porsche 935-ის საჭესთან ყოფნა კი მარტივი საქმე არ უნდა გეგონოთ. ავტომობილი დაახლოებით 1 380 კილოგრამს იწონის და 700 ცხენის ძალას ავითარებს. გამოშვების დროისთვის კი, 2018 წელს, მისი საწყისი ფასი — დამატებითი ოფციებისა და ინდივიდუალური პერსონალიზაციის გარეშე — $800 000-ზე მეტი იყო.

მსგავსი სიახლეები