12 ჩვევა, რომლითაც შესაძლოა ავტომობილს ყოველდღიურად კლავთ | მათი თავიდან აცილება ძალიან მარტივია
ბევრ მძღოლს ახასიათებს ისეთი ჩვევები, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ჩანს, თუმცა რეალურად მათ ავტომობილებს დროთა განმავლობაში სერიოზულ ზიანს აყენებს. თითოეული ეს ქმედება, ცალკე აღებული, შესაძლოა უმნიშვნელოც კი ჩანდეს, თუმცა მათი რეგულარულად გამეორების შემთხვევაში, მანქანის დეტალები იმაზე სწრაფად ცვდება, ვიდრე მის მფლობელს, ალბათ, გეგმაში აქვს. ეს, რა თქმა უნდა, მეტ დროს და ხარჯსაც მოითხოვს.
ასევე დაგაინტერესებთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
ქვემოთ მოცემულ სტატიაში იმ 12 ყველაზე გავრცელებულ ჩვევას წარმოგიდგენთ, რომელსაც ბევრი მძღოლი შესაძლოა ყოველდღიურად აკეთებს და თან, თავის ავტომობილსაც გაუაზრებლად აზიანებს:

სიჩქარის შემზღუდავ ბორცვებსა და ორმოებზე მაღალი სიჩქარით გადასვლა
შესაძლოა, განსაკუთრებით კი ახალ ავტომობილში, დარტყმა არც ისე ძლიერად იგრძნოთ, თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევა დაკიდების სისტემასა და საბურავებს აზიანებს. ხოლო მსგავსი ქცევის გამეორების შემთხვევაში, დეტალი იმაზე სწრაფად ცვდება, ვიდრე გათვალისწინებულია და, შესაბამისად, მისი შეცვლაც ვადაზე ადრეა საჭირო.
გადაბმულობაზე ფეხის მუდმივად დაყრდნობა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილში კლაჩზე ფეხის მსუბუქად დაყრდნობაც კი არასასურველია. ხახუნის შედეგად შესაძლოა ცვეთის პროცესი დაჩქარდეს, თუმცა მძღოლების ნაწილს ეს ბუნებრივ მოვლენად ეჩვენებათ და შესაძლოა ამას ყურადღებასაც არ აქცევდნენ.

ავტომობილის გადატვირთვა
შემთხვევითი არაა, რომ ავტომობილებს წონის კონკრეტული შეზღუდვები აქვთ. ზედმეტი ტვირთი კი მუხრუჭებსა და დაკიდების სისტემაზე დაწოლას ზრდის, ძრავას კი უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, იზრდება საწვავის ხარჯიც.
ზეთის შეცვლის დაგვიანება
ძრავის ზეთი აგრეგატის მოძრავი ნაწილების სათანადო მუშაობისა და შეზეთვისთვის აუცილებელია. დროთა განმავლობაში ზეთი თავდაპირველად თვისებებს კარგავს და ძრავის კომპონენტებსაც ნაკლებად ეფექტიანად იცავს. შესაბამისად, რეკომენდებულზე დიდი ხნის განმავლობაში აგრეგატში ძველი ზეთის დატოვება ძრავის კომპონენტების ვადაზე ადრე ცვეთის რისკს მკვეთრად ზრდის.

გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე ხელით დაყრდნობა
ავტომობილის მართვისას გადაცემათა კოლოფის ბერკეტზე ხელის დაყრდნობა შესაძლოა ბევრს ბუნებრივ მოვლენად მოეჩვენოს, თუმცა რეალურად, ეს კოლოფის შიდა მექანიზმებზე ზეწოლას ზრდის. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კი შესაძლოა გარკვეული კომპონენტების ნაადრევი ცვეთა გამოიწვიოს.
ავტომობილის აგრესიულად მართვა
მკვეთრი აჩქარებები და ძლიერი დამუხრუჭება არა მხოლოდ საწვავის ხარჯს ზრდის, არამედ მუხრუჭებისა და საბურავების ნაადრევად ცვეთის მიზეზადაც იქცევა. ამას დამატებული დატვირთვა, რომელიც ძრავას ადგება, და საფრთხე, რომელსაც მსგავსი ტიპის მძღოლი მოძრაობის სხვა მონაწილეებს უქმნის.

თითქმის ცარიელი ავზით სიარული
მაშინ, როდესაც ავზში საჭიროზე ცოტა საწვავია, ტუმბოს მუშაობა შესაძლოა გართულდეს. ამასთან, ავზის ფსკერზე დაგროვილი ნარჩენების სისტემაში მოხვედრის ალბათობაც იზრდება. შესაბამისად, მუდმივად თითქმის ცარიელი ავზით სიარული ავტომობილისთვის კარგი ნამდვილად არაა.
საჭიროზე ადრე მანქანის უკუსვლაზე გადართვა
ავტომობილის სრულ გაჩერებამდე უკუსვლაზე გადართვა გადაცემათა კოლოფზე უეცარ, ძლიერ დარტყმას (ბიძგს) იწვევს. ეს შესაძლოა წვრილმანად მოგეჩვენოთ, თუმცა ხშირი განმეორებით გადაცემათა კოლოფის ცვეთასა და დაზიანებას იწვევს.
საბურავების მდგომარეობის უგულებელყოფა
საბურავები, რომლებიც არასათანადოდაა დაბერილი ან ცვეთა აქვს დაწყებული, ნაკლები მოჭიდებით ხასიათდება და დამუხრუჭების მანძილსაც ზრდის. უსაფრთხოების პრობლემების გარდა, არასწორი წნევა საბურავების არათანაბარ ცვეთასაც იწვევს და მათი ნაადრევად შეცვლა ხდება საჭირო.

ავტომობილიდან სითხის გაჟონვის იგნორირება
თუ გაჩერებული ავტომობილის ქვეშ ზეთის ან სითხის გაჟონვას შეამჩნევთ, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, ეს შედარებით მარტივი პრობლემით იყოს განპირობებული, თუმცა არც ბევრად სერიოზული საფრთხეებისგან ხართ დაზღვეული. დამატებით კი, მისი უგულებელყოფა შესაძლოა ბევრად ძვირადღირებულ პრობლემაშიც გადაიზარდოს.
ავტომობილის უკან გაწვევაზე შეტყობინებების იგნორირება
მწარმოებლები რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში უკან გაწვევას აანონსებენ. ამ შეტყობინების იგნორირება კი შესაძლოა დროთა განმავლობაში უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

კვირების განმავლობაში ავტომობილის უძრავად დატოვება
ავტომობილის ხანგრძლივი დროით უძრავად დატოვებაც არანაკლებ პრობლემურია. ხანგრძლივი უმოქმედობის გავლენით, აკუმულატორი მუხტს კარგავს, საწვავი ხარისხს, ზოგიერთი მექანიკური კომპონენტი კი შესაძლოა დაზიანდეს. ხანგრძლივად ავტომობილის გაჩერებულ მდგომარეობაში დატოვების შემთხვევაში საბურავებზე მუდმივი დატვირთვა მოდის, რაც მათ დეფორმირებასაც იწვევს.