KTM-ის პირველი საგზაო ავტომობილი - 493-ცხენისძალიანი X-Bow GTXR
ავსტრიულმა კომპანია KTM-მა, რომელსაც ხალხი მოტოციკლების წარმოებით იცნობს, ახლახან საქალაქო გზებზე გადასაადგილებლად 4-ბორბლიანი მოდელი გამოუშვა. ახალი X-Bow GT-XR-ის ფესვები პირველი X-Bow-ს მოდელიდან მოდის. ეს ტრეკისთვის გამოშვებული ავტომობილი იყო, რომლის დებიუტიც 2008 წელს შედგა. თუმცა, ჩვენი დღევანდელი გმირი უფრო მეტად 2020 წლის X-Bow GT2 სარბოლო მანქანასთანაა დაკავშირებული.
X-Bow GTXR-ი კარბონის შასიზეა დაფუძნებული. KTM-ი ამტკიცებს, რომ ეს ყველაზე უფრო მყარი კარბონის შასია, რაც საგზაო ავტომობილებს ოდესმე ჰქონიათ. მთლიანი კონსტრუქცია 88 კგ-ს იწონის. კორპუსის დეტალების დასამზადებლადაც კარბონია გამოყენებული. ეს ყველაფერი სიმსუბუქეში ითარგმნა - მანქანის წონა 1 250კგ-ს შეადგენს.
ავტომობილი 2.5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც Audi-ს შექმნილია. ის სალონის უკანაა განთავსებული და 7-სიჩქარიან ორმაგი ქუროს მქონე ავტომატურ კოლოფთანაა დაკავშირებული. ხიდი თვითბლოკირებადია. ძრავა გაუმჯობესებულია და 493 ცხენის ძალასა და 581 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის ასეთი რაოდენობის ასეთ მსუბუქ ავტომობილში თავმოყრა მართვის საოცარ სიამოვნებას ნიშნავს. X-Bow GTXR-ი 0-100 კმ/სთ-მდე 3.4 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს აღწევს.
დაკიდების სისტემა სარქვლის შტანგისებრი ტიპისაა და Sachs-ის ამორტიზატორებზე დგას. მუხრუჭზე კი 8-დგუშიანი სისტემა ზრუნავს. მათთვის კი, ვინც ავტომობილის წონის შემცირებას მოინდომებს კომპანია კარბონ-კერამიკულ სამუხრუჭე სისტემას შესთავაზებს. გარდა ამისა, მოდელს ცხვირის ჰიდრავლიკურად აწევის ფუნქციაც ექნება.
X-Bow GTXR-ი წინ 19-იანი ხოლო უკან 20-იანი დისკებით არის აღჭურვილი, რომელიც OZ Racing-ის ფირმისაა. წინა დისკებზე 235/35 და 295/35 ზომის საბურავებია გადაკრული.
სალონი ავიაგამანადგურებლის კაბინას მოგაგონებთ. კარები სახურავთან და საქარე მინასთან ერთად იღება. შიგნით ყველაფერი ელექტრონულად კონტროლდება. სავარძლები კარბონისგანაა დამზადებული და ალკანტარაა გადაკრული. საჭე მარტივად იხსნება და მასში ელექტრონული მაჩვენებელთა დაფაა ჩაშენებული. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ძალზედ პატარაა, მას 160-ლიტრი მოცულობის საბარგული აქვს.
X-Bow GTXR-ის წარმოების ხაზი წელიწადში 100 ავტომობილს მოიცავს. თითოეულის საწყისი სფასი 284 900 ევრო იქნება. მიწოდება კი 2023 წელს დაიწყება.