FIA გუნდების ბრალდებებს პასუხობს
FIA-მ გუნდების ბრალდებას უპასუხა და ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
„FIA-მ „ფერარის“ გუნდის ძალოვანი აგრეგატის დეტალური კვლევა ჩაატარა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში მოხდებოდა.
2019 წლის სეზონის მსვლელობისას ჩატარებული ვრცელი გამოძიების შემდეგ, ეჭვი გაჩნდა, რომ „სკუდერია ფერარი“ FIA-ს რეგულაციებს არღვევდა, თუმცა „სკუდერია ფერარი“ ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათი ძალოვანი აგრეგატი მოთხოვნებს ყოველთვის აკმაყოფილებდა. FIA შექმნილი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, თუმცა, ფედერაცია მიიჩნევს, რომ საქმის სირთულის და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სხვა სახის ზომების მიღება შედეგიანი ვერ იქნება.
უარყოფითი შედეგების თავიდან ასარიდებლად, რაც შეიძლება გულისხმობდეს გრძელ სასამართლო პროცესებს, ასევე ჩემპიონატის და დაინტერესებული მხარეების ინტერესების დასაცავად, FIA-მ „იურიდიული და დისციპლინური წესების“ (JDR) მეოთხე მუხლის საფუძველზე გადაწყვიტა, „ფერარისთან“ შეთანხმებას მიეღწია.
ამ სახის შეთანხმება სრულიად კანონიერია და სპორტის მრავალ სხვა ფედერაციაშიც გამოიყენება.
კონფიდენციალურობა FIA-ს „იურიდიული და დისციპლინური წესების“ მეოთხე მუხლითაა დაცული.
FIA მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ სპორტი, მისი როლი და რეპუტაცია დაიცვას, როგორც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მარეგულირებელმა“. - წერია განცხადებაში.