Aa Aa
22 ნოემბერი 2022  |  10:45

ეს ჰიპერ-SUV-ი Drako Dragon-ია და 100 კმ/სთ-ს 1.9 წამში აღწევს

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, Drako-მ, თავის მეორე ქმნილება გაასაჯაროვა. ეს სრულად ელექტრო ჰიპერ-SUV-ია და მას Dragon-ი ჰქვია. Drako GTE-ის ხაზის გამგრძელებელი კარბონის შასიზეა შექმნილი. მისი 4 ელექტრო აგრეგატისგან შემდგარი ძალოვანი აგრეგატი კი 2 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Drako Dragon-ის სიგრძე 5 მეტრი, ხოლო სიგანე 2 მეტრია. მისი წონა 2 254 კგ-ა, რაც ელექტრო ავტომობილის გათვალისწინებით ცუდი მონაცემი არ არის. შედარებისთვის გეტყვით, რომ Tesla Model X-ის ყველაზე მძიმე ვერსია -  P100D-ი - 255 კგ-ით უფრო მძიმეა. 



Drako-ს პირველი SUV-ის დიზაინი ლოუვი ვერმირშმა თავის იტალიურ (GranStudio) გუნდთან ერთად შექმნა. მოდელს ორი უზარმაზარი თოლიისებრი კარი, კუპეს სტილი სახურავი, 23-იანი ალუმინის დისკები და ჰაერის აგრესიული შემშვები არხები აქვს. საინტერესო ისაა, რომ Dragon-ის ცხაურა ორივე ბოლოში ღიაა და ჰაერს კორპუსში უშვებს.

საინტერესო დიზაინია სალონშიც. აქ ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი სენსორული ეკრანები გვაქვს: ყველაზე დიდი ზომის ეკრანი კოკპიტის ცენტრშია; მეორე მაჩვენებელთა დაფაა; მესამე კი უკანა ხედვის სარკეშია ჩაშენებული. ეს ყველაფერი არ არის. მეორე რიგში მსხდომი მგზავრები წინა სავარძლებზე მიმაგრებულ ეკრანებში ჩაიხედებიან და სხვადასხვა ფუნქციონალის გაკონტროლებას შეძლებენ.



კომპანია ამტკიცებს, რომ Dragon-ი „ყველაზე მძლავრი, სწრაფი და სხარტი ჰიპერ-მდიდრული SUV-ია, რაც ოდესმე შექმნილა." მისი 2 000-ცხენისძალიანი ძალოვანი აგრეგატი საშუალებას იძლევა, რომ ეს უზარმაზარი ავტომობილი 0-დან 100-მდე 1.9 წამში აჩქარდეს. ასეთ რეჟიმში მართვისას ავტომობილი 402 მეტრს 9 წამზე ნაკლებ დროში დაფარავს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ იქნება. ამ მონაცემებით ის ნებისმიერ ელექტრო და შიგაწვის ძრავის მქონე SUV-ზე სწრაფია.

შეფარებისთვის გეტყვით, რომ 1 020-ცხენისძალიანი Tesla Model X Plaid-ი 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში ავითარებს. 402 მეტრის დასაფარად 10 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 262 კმ/სთ-ია. აღსანიშნია, რომ Tesla-მ ეს შესაძლებლობები რეალურად დაამტკიცა. მეორეს მხრივ, Dragon-ის წარმოება ჯერ არ დაწყებულა. კომპანია ამტკიცებს, რომ მათი ჰიპერ-SUV-ი სრული დამუხტვით 676 კმ-ს ფარავს. ელექტრო ბატარეების მოცულობაზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს.

ადაპრატირებადი დაკიდების სისტემის წყალობით, მანქანა სიმაღლეს იცვლის. Dragon-ი მიწას მაშინ მიუახლოვდება და დაშორდება, როდესაც რელიეფი შეიცვლება. მოდელის დამუხრუჭებაზე კი 10-დგუშიანი მუხრუჭები იზრუნებს.

Drako Dragon-ის საბაზისო ფასი 290 000$ იქნება. შედარებისთვის, Drako GTE 1.25 მილიონი დოლარი ღირს. კომპანიამ ჯავშნები უკვე მიიღო. პირველი გამოშვების მოდელების წარმოება 99 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული.

გაზიარება: