Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა მანქანას შუქნიშნის მწვანე სიგნალზე ანელებს
Aa
Aa

Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა მანქანას შუქნიშნის მწვანე სიგნალზე ანელებს

Tesla ამბობდა, რომ მათი ავტოპილოტის სისტემის ბოლო ვერსიას შუქნიშანთან გაჩერება შეეძლო. როგორც აღმოჩნდა, სისტემა მანქანას არამხოლოდ შუქნიშნის წითელ სიგნალთან აჩერებს, არამედ მწვანეზეც ანელებს.

Tesla-ს მძღოლებმა პარასკევს პროგრამის განახლება მიიღეს, რომელიც შუქნიშნისა და სხვა Stop ნიშნების ამოცნობასა და გაჩერებას მოიცავდა.

კომპანიამ პროგრამას „ბეტა“ უწოდა, რას იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ დაუსრულებელია და შემოწმების პროცესშია. მისი მიზანი ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაა. მანქანა გზებზე მართვისგან დაგროვილ გამოცდილებას იყენებს.

ვიზუალური გამოსახულება მონაცემთა დაფაზე ჩნდება. წერია, თუ რა მანძილი დარჩა შუქნიშნამდე და აქსელერატორის ან კრუიზის მართვის სახელურის გამოყენებას გირჩევთ. შუქნიშნისკენ გადაადგილებისას ეს მანძილი დაფაზე თანდათან მცირდება.

- „ეს სისტემა დროდადრო მანქანას შეანელებს. შესაძლოა გზაჯვარედინზე მობრუნებაზეც უარი თქვას“. - ეს სიტყვები, განახლების შემდეგ, Tesla-ს მანქანის მფლობელების სენსორულ ეკრანებზე დაეწერა.

Tesla-ს მფლობელებმა ვიდეოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში მოათავსეს. ამ ვიდეოებში ჩანს, როგორ ანელებს მანქანა შუქნიშნის მწვანე სიგნალზე.

ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. მომხმარებლები ამბობენ, რომ ავტოპილოტი არამხოლოდ არასაჭირო დროს ანელებს, არამედ, როცა საჭიროა, ხანდახან მაშინაც არ ჩერდება.

„ამ ფუნქციამ შესაძლოა მანქანა ყველა საჭირო ნიშანთან ვერ შეაჩეროს“. -  აფრთხილებს კომპანია მანქანის მფლობელებს და ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდებს.

Duke University-ის პროფესორი მისი კამინგსი, რომელიც მსგავს სისტემებს შეისწავლის, ამბობს, რომ ამ ფუნქციის გაუმართაობამ შესაძლოა ბევრი ავარია გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა Tesla შუქნიშნის მწვანე სიგნალზე შეანელებს. ამას სხვა ავტომობილების მძღოლები არ ელოდებიან. მისი აზრით, მსგავსი დეფექტებით სისტემის ამოქმედება არ შეიძლება და რეგულაციები დაუსრულებელი პროგრამის ფართოდ გამოყენებას არ უნდა უშვებდეს.

Tesla-მ დაუსრულებელი პროგრამების ფართო გამოყენებაში ჩაშვება უკვე ტრადიციად აქცია. 

- „მათ გამოუშვეს პროგრამა, რომელიც შეიძლება შეცდეს. მათ ეს იციან და გაფრთხილებენ კიდეც. თქვენ კი მასში ფულს მაინც იხდით. მე ფულის დაბრუნებას მოვითხოვდი“. - ამბობს კამინგსი.

ეს სისტემა ილონ მასკის თვითმართვადი ავტომობილის იდეის განვითარების ნაწილია. საბოლოოდ, მანქანას მართვისას ადამიანის ყურადღება აღარ უნდა დასჭირდეს. მასკს საკმაოდ ამბიციური გეგმები ჰქონდა. 2020 წელს ქუჩებში უკვე მილიონზე მეტ თვითმართვად Tesla-ს უნდა ევლო. Tesla-ს ამ სისტემის შექმნის სხვა კომპანიებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს. სხვები სისტემას ვირტუალურად ან პროფესიონალი პილოტების დახმარებით ცდიან.

National Transportation Safety Board-მა ეს მიდგომა გააკრიტიკა და კომპანიას ურჩია, მიზნის მისაღწევად სხვა გზა გამოენახა.  

Canadian Automated Vehicles Centre of Excellence-ის ტექნოლოგიების ოფიცერი პოლ გოდსმარკი ამბობს, რომ ამ სისტემამ შესაძლოა მძღოლის უყურადღებობა გამოიწვიოს, რაც უბედურ შემთხვევებამდე მიგვიყვანს. სისტემა ხომ მაშინ ფუნქციონირებს არასწორად, როცა მძღოლები ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებიან.  

- „ჩემი აზრით, ეს კატასტროფის რეცეპტია. თუ ავტომობილი 9 999 შუქნიშანთან გაჩერდება და მეათიათასესთან მოგკლავთ, როგორღა იქნებით ყურადღებით?“ - ამბობს გოდსმარკი.

მსგავსი სიახლეები