ელექტრო G-Wagon-ს არავინ ყიდულობს | Mercedes-ის აღიარება
გერმანული ავტოგამოცემის უახლესი რეპორტაჟის თანახმად, ახალ ელექტრო Mercedes G-Wagon-ს თითქმის არავინ ყიდულობს. შესაძლოა თქვენ ამ ფაქტმა დიდად არ გაგაკვირვოთ, თუმცა ბევრი საავტომობილო ჟურნალისტი გაკვირვებულია. მათი ნაწილი, ელექტრიფიკაციის მხარდამჭერია, რასაც ავტომობილის მფლობელებზე ვერ ვიტყვით. ამაზე კი, Mercedes-ის შედეგებიც მეტყველებს.
Handelsblatt-ის რეპორტაჟი მოიცავს დილერების ციტატებს, რომლებიც ამბობენ, რომ Mercedes G580 უბრალოდ წარუმატებელია. ბენზინზე მომუშავე ვერსიებთან შედარებით, ელექტრო G-Wagon-ი თითქმის არ იყიდება. და მაშინ, როდესაც საავტომობილო ინდუსტრია მომხმარებლების EV-ებისკენ გადაბირებას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობს, გაყიდვები მათ დიდ იმედებს მაინც არ უტოვებს. თუმცა იმავეს, G-Class-ის პოპულარობაზე ვერ ვიტყვით და კომპანია, არც სამომავლო გეგმებზე ამბობს უარს.
„G-Class-ი კვლავ პოპულარულია. სერიამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა და ეს ტენდენცია, 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. გასულ წელთან შედარებით გაყიდვები +18%-ით გაიზარდა. Mercedes-Benz-ი ყველა სცენარისთვის მზადაა. 2030-იან წლებში ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს, როგორც სრულად ელექტროძრავიანი, ასევე ელექტრიფიცირებული მაღალტექნოლოგიური წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილები შევთავაზოთ. ეს G-Class-საც შეეხება“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
Handelsblatt-ის რეპორტაჟში ელექტრო G-Wagon-ზე გამოხმაურებები ამით არ დასრულებულა. დილერები მის წარუმატებლობაზე ლაპარაკს ღიად აგრძელებენ და მოდელს „კომერციულ კრახს“ უწოდებენ. ერთ-ერთი მენეჯერი იმასაც კი ამბობს, რომ G-Wagon-ის ეს ვერსია ნიშა მოდელია და მისი გაყიდვების მოცულობაც, ძალიან ნელა იზრდება.
Handelsblatt-ის ანგარიშით, აპრილის ბოლოსთვის - მოდელის გაშვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - კომპანიამ მხოლოდ 1 450 ერთეული გაყიდა. შედარებისთვის, ამ პერიოდში, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე სტანდარტული G-Class-ის 9 700 ეგზემპლარი გაიყიდა.