Volvo-ს უსაფრთხოების ღვედი, რომელიც ავარიამდე რეაგირებს
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ Volvo-ს სამპუნქტიანმა ღვედმა, რომელიც ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ 1959 წელს წარადგინა, ავტოინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. უსაფრთხოების ღვედი, მალევე, წარმატებით დაინერგა და წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეც იხსნა. ახლა Volvo უსაფრთხოების ღვედის გაუმჯობესებაზე მუშაობს და ამას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს. ახალ აღჭურვილობას მომდევნო წლის ელექტრო SUV-ზე, EX60-ზე ვიხილავთ.
Volvo-ს ახალი „მრავალადაპტური უსაფრთხოების ღვედი“ სრულიად განსხვავებულად მოქმედებს. ადამიანის სიმაღლის, წონისა და სხეულის ფორმის განსასაზღვრად ის სენსორებს იყენებს. გარდა ამისა, ღვედი განსაზღვრავს თუ რა პოზიციაში სხედან ავტომობილის მგზავრები, რომელი მიმართულებით დაეჯახებიან მანქანას ავარიის შემთხვევაში და რამდენად ძლიერია დარტყმა.
ღვედი იყენებს ყველა ამ მონაცემებს, რათა ავარიის შემთხვევაში, ღვედის მეშვეობით დატვირთვის რაოდენობა შეცვალოს. მაშინ, როცა თანამედროვე უსაფრთხოების ღვედების უმეტესობას სამი ხელმისაწვდომი დატვირთვის შემზღუდველი პროფილი აქვს, Volvo-ს ვერსია 11-ს იყენებს. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ღვედს ავარიის მახასიათებლების ანალიზი „თვალის დახამხამებაზე ნაკლებ დროში“ შეუძლია და შესაბამისად, უსაფრთხოების პარამეტრებსაც ცვლის.
უფრო დიდი წონისა და სიმაღლის მგზავრისა ან მძღოლისთვის, თავის ტრავმის რისკის შესამცირებლად ღვედის დატვირთვის უფრო მაღალი პარამეტრი გამოიყენება, ხოლო უფრო მცირე წონისა და ზომის მგზავრისთვის, ნეკნების მოტეხილობის რისკის შესამცირებლად, შედარებით დაბალი. Volvo ახალ ტექნოლოგის ჯერ შვედეთში, უსაფრთხოების ცენტრის ლაბორატორიაში გამოცდის და მის გაუმჯობესებაზეც იმუშავებს.