Mercedes-AMG One-ის კლიენტებისთვის მიწოდება დაიწყო: პირველი ავტომობილი
Aa
Aa

Mercedes-AMG One-ის კლიენტებისთვის მიწოდება დაიწყო: პირველი ავტომობილი

პირველი Mercedes-AMG One კლიენტთან მიდის.

დაახლოებით 5 წლისა და 6 თვის წინ Mercedes-AMG-მ ფრანკფურტის ავტოშოუზე Project One კონცეპტი წარმოგვიდგინა. წარმოებული ვერსია მხოლოდ 2022 წელს ვიხილეთ. ახლა კი ფორმულა 1-ის ძრავიანი ავტომობილის კლიენტებისთვის მიწოდება დაიწყო. აფალტერბახიდან 3 ფოტო გვაქვს, რომელშიც კლიენტისთვის მზა პირველი ავტომობილი ჩანს.

ნომრებზე "ON1" აწერია. ჰიპერქარი ძირითადად შავ ფერშია და Petronas-ის მწვანე აქცენტები აქვს. AMG წინ თეთრი ასოებით აწერია. ეს არის სარბოლო ავტომობილი ჩვეულებრივი გზებისთვის. ნიურბურგრინგზე ამ ავტომობილმა წარმოებულ ავტომობილებში რეკორდი დაამყარა. One მხოლოდ 275 ეგზემპლარად გამოვა.

უცნობია, ვინ არის პირველი ავტომობილის მფლობელი, თუმცა ამ მხეცის შეძენის მსურველების რიცხვში ფორმულა 1-ის პილოტები ლუის ჰამილტონი, ნიკო როზბერგი და დევიდ ქულთარდი უკვე წერიან. როგორც 2017 წელს The Sun-ი წერდა, ლუის ჰამილტონი ორი ეგზემპლარის შეძენას აპირებს და ერთ-ერთი მათგანი მამას ენტონის უნდა აჩუქოს.

AMG One ყოვლისშემძლე ავტომობილია. მას 1.6-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, რომელიც ელექტრონულ ტურბოსთან ერთად მუშაობს. ავტომობილის 4 ელექტრო მოტორიც აქვს. ჯამში 1049 ცხენის ძალას ვიღებთ. Mercedes-ის მტკიცებით One 100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. 200კმ/სთ-მდე 7 წამში. მაქსიმალური სიჩქარე - 353კმ/სთ.

ავტომობილმა ამ დღემდე საკმაოდ რთული გზა გამოიარა. ფორმულა 1-ის ძრავის გზებზე დაშვებული ავტომობილისთვის მორგება იმაზე რთული გამოდგა და დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე Mercedes-ი ვარაუდობდა. წარმოებას ხელი კორონავირუსმაც შეუშალა.

მსგავსი სიახლეები