Dodge Durango Hellcat-ის მფლობელები Stellantis-ს უჩივიან
Durango Hellcat-ი 2023 წლისთვის დაბრუნდა, ეს ფაქტი კი 2021 წლის Durango Hellcat-ის მფლობელებს არ მოეწონათ.
Dodge-მა 2023 წლისთვის Durango Hellcat-ის გამოშვება ისევ გადაწყვიტა. ამან 2021 წლის მოდელების მფლობელები ძალიან გააბრაზა. 7 მათგანი ახლა Stellantis-ს სასამართლოში უჩივის. მათი თქმით, 2021 წლის მოდელში ამხელა თანხას არ გადაიხდიდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ ეს ავტომობილი კიდევ გამოვიდოდა, ან საერთოდაც არ იყიდდნენ. იმ წელს თითოეული ავტომობილის ფასი $114,225 იყო.
სარჩელის მიზეზი ის არის, რომ 2021 წელს ბრენდის მტკიცებით, Durango Hellcat-ი მხოლოდ ერთადერთი იქნებოდა. შემდეგ კი Dodge-მა გადაწყვიტა, რომ მას კიდევ გამოუშვებდა. 2021 წელს 3 000 ეგზემპლარი გაყიდეს.
2020 წელს ბრენდმა გამოაცხადა, რომ Durango Hellcat-ს მხოლოდ 2021 წელს გამოუშვებდა. სარეკლამო კამპანია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. კომპანიის პრესრელიზებში იწერებოდა, რომ ავტომობილი მხოლოდ 1 წლით გამოვიდოდა. როცა შეკვეთების სია შეივსებოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და კლიენტებს მხოლოდ 1 შანსი ჰქონდათ.
Durango-ს მფლობელები მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ასევე სურთ, რომ Dodge-მა ახალი Durango Hellcat-ების წარმოება შეწყვიტოს.