Aa Aa
16 მარტი 2023  |  11:21

ეს Audi-ის 10 000$-იანი ველოსიპედია

ეს მთის ელექტრო ველოსიპედია, რომელსაც ზოგ ავტომობილზე მძლავრი აგრეგატი აქვს.

ავტომწარმოებლები იშვიათად, მაგრამ მაინც გვთავაზობენ არაორდინალურ ნაწარმებს. Audi-მ, Fantic-თან ერთად, მთის ელექტრო ველოსიპედის შექმნა გადაწყვიტა. მისი ფასი კი არც მეტი, არც ნაკლები 10 000$-ია. Audi RS Q e-tron Dakar-ის სარბოლო მანქანით შთაგონებული ორბორბლიანი „ოფროუდერი“ საოცრად გამოიყურება და შთამბეჭდავი მონაცემები აქვს.

დღეს ელექტრო ველოსიპედების შექმნით ბევრი კომპანიაა დაინტერესებული. მაგალითად, GMC-იმ შექმნა ასეთი ველოსიპედი, რომელიც Hummer EV-სთან დააწყვილა. Polestar-მა კი განაცხადა, რომ ის Allebike-თან ერთად ელექტრო ორბორბლიანის კონცეპტზე მუშაობს. Porsche-ს კი უკვე რამდენიმე ასეთი ველოსიპედი ჰყავს. Audi კი ამ საქმიანობისთვის იტალიურ მწარმოებელთან, Fantic-თან გაერთიანდა.



Audi-სა და Fantic-ის ერთობლივი ნამუშევარი მართლაც რომ საოცარი გამოვიდა. მას 250-ვატიანი ელექტრო აგრეგატი აქვს, რომელიც 90 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ საბჭოთა წარმოების 2101-ის ძრავა 89 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. მოკითხვა ოკუპანტების საავტომობილო ინდუსტრიას.

ჩარჩო ალუმინისგან არის დამზადებული. სკამი კარბონისაა. მექანიკური კომპონენტები Sram GX Eagle-ია. Mavic E-DEEMAX-ის დისკებზე კი Vittoria-ს საბურავებია გადაკრული. საინტერესო ისაა, რომ ველოსიპედს უკან 27.5-იანი, ხოლო წინ 29-იანი დისკი აქვს. როგორც წესი, თანამედროვე მთის ველოსიპედებს წყვილში 27.5-იანი ან 29-იანი დისკები აქვთ. „აუდის“ ველოსიპედი კი თითქოს ჰიბრიდული ვერსიაა. კომპანია ამბობს, რომ ეს ველოსიპედი „დაუნჰილისთვისაა“. ამას 180-მმ-იანი სვლის მქონე ამორტიზატორები ადასტურებს. თუმცა, წინ უზარმაზარი დისკის დაყენებით დაღმართზე მისი მანევრულობა შემცირდება.


Audi-ს ამ მთის ველოსიპედის შეძენა ბრენდის სადილეროებშია შესაძლებელი.

გაზიარება: