Aa Aa
21 მარტი 2023  |  10:21

ბრიტანეთში ტელეფონით მოსაუბრე მძღოლს პოლიცია ცხენებით დაედევნა

ერთი ცხენის ძალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ SUV-ის კანონდამრღვევი მძღოლი შეეჩერებინათ.

თუ აქამდე არ იცოდით გეტყვით, რომ გაერთიანებულ სამეფოში პოლიცია პატრულირებისთვის ცხენებსაც იყენებს. ახლა კი ამ პოლიციელებს ახალი დავალება აქვთ. მეთვალყურეობა გაუწიონ და საჭირო მომენტში შეაჩერონ ტელეფონზე მოსაუბრე მძღოლები.

ბრიტანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ორი ცხენზე ამხედრებული პოლიციელი ჩანს. მათ დააფიქსირეს, რომ ვერცხლისფერი SUV-ის მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა. სამართალდამცავებმა არ დააყოვნეს და კანონდამრღვევს დაედევნნენ.

ძალიან მალე Land Rover-ი გზის პირას გააჩერეს. პოლიციამ მძღოლს შეახსენა, რომ საჭესთან ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება. კაცმა სამართალდამცავების გაცურება გადაწყვიტა და თქვა, რომ ის მუსიკას უსმენდა. ოფიცერი კი მანქანის მულტიმედიის ეკრანზე ხედავდა, რომ სატელეფონო საუბარი მიმდინარე იყო.

გეტყვით იმასაც, რომ 2022 წლის მარტიდან, ბრიტანეთში მძღოლებს ეკრძალებათ მართვის დროს ხელში ეჭიროთ ისეთი მოწყობილობა, რომელიც იღებს და გასცემს მონაცემებს. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 200 გირვანქა სტერლინგია, რაც 243$-ის ეკვივალენტია. ასევე 6 ქულა აკლდება მართვის მოწმობას. პოლიციის ცნობით, 2021 წელს 4 500 ფატალური შემთხვევა სწორედ ყურადღების მოდუნებამ გამოიწვია. ამ მიზეზით, გამკაცრდა კანონი.

გაზიარება: