Aa Aa
22 მარტი 2023  |  10:57

მუხრუჭის პრობლემის გამო Ford-ი Fusion-ს და MKZ-ს უკან იწვევს

2013 წლიდან გამოშვებულ მოდელებს წინა მუხრუჭის შლანგი უფუჭდება.

Ford-მა დიდი გაწვევა დააანონსა, რომელიც Ford Fusion-ისა და Lincoln MKZ-ის 1 280 726 მანქანას მოიცავს. მიზეზი წინა მუხრუჭის შლაგის პოტენციური გაფუჭებაა. ამ პრობლემის გამო მწარმოებელს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გაწვევა 2013-დან 2018 წლამდე გამოსულ Ford Fusion-ებსა და Lincoln MKZ-ის მოდელებს ეხება. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სადილეროებში დროებით დაბრუნება მხოლოდ არაჰიბრიდ ვერსიებს მოუწევთ.

სავარაუდო დეფექტი წინა მუხრუჭის რეზინის შლანგს აქვს, რომელიც სისტემის დეტალებს სუპორტთან აკავშირებს. სავალი ნაწილების მოძრაობისა და საჭის სისტემის მოქმედებების შედეგად ეს შლანგი მარტივად ცვდება და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიგლიჯოს. 


დეფექტის გამოვლენის შემთხვევები აღწერილია. დოკუმენტის მიხედვით ეს პრობლემა თავს მყისიერად არ იჩენს. მუხრუჭი დროთა განმავლობაში გამოდის მწყობრიდან, მაგრამ ამას გარკვეული ნიშნები მოასწავებს. ამ დროს მძღოლს ავტომობილის გასაჩერებლად სატერფულზე ფეხის შენარჩუნება უფრო დიდხანს უწევს. ასევე, მაჩვენებელთა დაფაზე შესაძლოა აინთოს მაფრთხილებელი ნიშანიც.

ამ პრობლემის გამოსწორება მარტივია. მფლობელებმა ავტომობილები სადილერეობში უნდა მიიყვანონ, სადაც მექანიკოსები ამ შლანგს შეცვლიან და მთლიან სისტემას დაათვალიერებენ. ახალი შლანგები სხვა მასალითაა გაკეთებული, რაც ამ პრობლემის სამომავლო გამოვლენას გამორიცხავს.

აღსანიშნია, რომ ბოლო ორი წლის ჭრილში Ford-ი ამერიკულ ავტომწარმოებლებში გაწვევების ლიდერია. ეს ფაქტი ბრენდის რეპუაციაზე უდაოდ ცუდად მოქმედებს.

გაზიარება: