Aa Aa
22 მარტი 2023  |  10:48

Ferrari ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა

Ferrari კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა, ჰაკერი კი იტალიური ბრენდის კლიენტების მონაცემების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვს.

Sky Sport Italy-მ დაადასტურა, რომ Ferrari-ს მონაცემთა ბაზა გაუტეხეს და კლიენტების მონაცემები მოიპარეს. ახლა კი გამოსასყიდს ითხოვენ.

ამის შესახებ კომპანიამ კლიენტებს უკვე შეატყობინა, თუმცა, ამბობს, რომ ჰაკერს წინააღმდეგობას გაუწევს და გამოსასყიდს არ გადაიხდის.  

ამ თავდასხმას ბრენდისთვის ხელი ყოველდღიურ საქმიანობაში არ შეუშლია. სისტემები ისევ გამართულად მუშაობს და დაცვის გასაძლიერებლად „ექსპერტებს“ მიმართეს.

„კორპორაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, Ferrari გამოსასყიდს არ გადაიხდის, რადგან ეს მომავალში კრიმინალურ საქმიანობას დააფინანსებს და დამნაშავეებს თავისი მიზნის მიღწევაში ხელს შეუწყობს.

ყველაზე კარგი გამოსავალი ჩვენი კლიენტებისთვის ამის შესახებ შეტყობინებაა. ჩვენი კლიენტები მონაცემების მოპარვაზე უკვე გავაფრთხილეთ.

Ferrari კლიენტების კონფიდენციალურობის საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება და მომხდარის მნიშვნელობას კარგად იაზრებს. ჩვენი სისტემების გასაძლიერებლად ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამ შემთხვევას ყოველდღიურ საქმიანობაზე არ უმოქმედია“, - ნათქვამია Ferrari-ს განცხადებაში.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს თავდასხმა ფორმულა 1-ის საუდის არაბეთის გრან პრის მსვლელობისას მოხდა.

გაზიარება: