Aa Aa
30 მარტი 2023  |  11:01

Rolls-Royce-ის ბოლო V12-ძრავიანი კუპე: Black Badge Wraith Black Arrow

სულ 12 ეგზემპლარად აიწყობა და ბოლო კუპე იქნება, რომელსაც V12 ძრავა ექნება.

Rolls-Royce Wraith-ი 2021 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ გამოდის. სხვა ბაზრებზე კი ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო. ახლა კი ბრენდი ამ მოდელის წარმოებას ასრულებს. ბოლო თავს კი მომაჯადოებელი კუპეთი დაწერს.

ავტომწარმოებელმა Black Badge Wraith Black Arrow წარმოგვიდგინა და ეს ბოლო Wraith-ი იქნება. ამ ბრენდის მომავალიც ელექტრო ავტომობილებშია და წლის ბოლოს Spectre კუპეს გამოუშვებს.

სახელი Black Arrow იმ პატარა ისრებიდან მოდის, რომლებიც 1930-იანებში Thunderbolt-ს ეხატა, რომელმაც სიჩქარის რეკორდი Rolls-Royce-ის V-12-ით დაამყარა. ეს ძრავა საჰაერო ხომალდებისთვის იყო შექმნილი.

Black Badge Wraith Black Arrow ექსტერიერს უნიკალური ფერით გამოირჩევა. ეს ფერი Rolls-Royce-მა პირველად გამოიყენა. წინ ვერცხლისფრით იწყება და ნელ-ნელა შავში გადადის. ამ საღებავის დატანა, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული პროცესია. ბრენდის თქმით, საჭირო შედეგის მიღებისთვის კვლევაში 18 თვე დახარჯა.

დიზაინერებმა კონტრასტის შესატანად ყვითელი აქცენტები გამოიყენეს. ეს აქცენტები სალონშიც გრძელდება. ცენტრალურ კონსოლზე Thunderbolt-ის ფორმაა გამოსახული. სალონში ამ ავტომობილთან და რეკორდთან დაკავშირებული არაერთი დეტალია გამოყენებული. 

Wraith-ს 6.6-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელთან დამშვიდობებაც მალე მოგვიწევს.

Rolls-Royce-ის თქმით, Black Badge Wraith Black Arrow მხოლოდ 12 ეგზემპლარად აიწყობა და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია.  

გაზიარება: