Aa Aa
25 მარტი 2023  |  12:34

ტაქსებს ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ

პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

მათი თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებგვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებიდანვე ვიგებთ, რომ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ. 

წყარო: BM.ge

გაზიარება: