Aa Aa
26 აპრილი 2023  |  11:03

Bugatti Veyron-ის აალების სანთლებისა და ანთების კოჭის გამოცვლა 20 000$ ჯდება

Bugatti Veyron-ის აალების სანთლებისა და ანთების კოჭის შეცვლას 2 დღე და გამოცდილი მექანიკოსი სჭირდება.

ახალი არავისთვისაა, რომ ჰიპერავტომობილის შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს თანხები შესაძლოა მცირე ზომის თვითმფრინავის გამართვის თანხებსაც გაუტოლდეს. მაგალითისთვის, ეს Bugatti Veyron-ი ავიღოთ, რომელსაც თავის უზარმაზარ W16 ძრავაზე „პატარა“ სერვისი დასჭირდა.

ამ ამბის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მომხმარებელმა Reddit-ის პლატფორმაზე გაავრცელა. მანქანას მე-13 და მე-16 ცილინდრზე ანთების გამოტოვების პრობლემა ჰქონდა. რამდენი აქვს მოდელს გარბენი არ ვიცით, თუმცა, ის, ვინც ეს შეამჩნია შექებას იმსახურებს.


„პოსტის“ ავტორი წერს, რომ ანთების კოჭის ჩამოტანას, რომლის ერთეულის ფასიც 730$-ს შეადგენდა, 1 თვე დასჭირდა. ხარისხი Veyron-ის შესაბამისია. VW თავისი მოდელებისთვის აალების სანთელს 18$-ად ყიდის. თუმცა, Bugatti-ისთვის ეს დეტალი 170$ ღირს. ძვირია, არა? მთელი ეს სამუშაო, მექანიკოსის ანაზღაურებიანად, 20 000$-ს ასცდა. რატომ?

აალების სანთლებამდე მიღწევა და მათი შეცვლა საკმაოდ რთული და დელიკატური პროცესია. ამისათვის კორპუსის რამდენიმე პანელი უნდა მოიხსნას. ერთადერთი რაც მანქანის უკანა ნაწილში რჩება ბამპერია. ამის შემდეგ სპეციალური კონსტრუქციაა გასამართი, რომლითაც მექანიკოსი ძრავის განყოფილებას მისწვდება და სამუშაოს შეასრულებს.

მორჩა? ახლა მაინც ხომ გამარტივდა საქმე? - არა! იქამდე სანამ აალების კოჭებამდე და სანთლებამდე მიხვალთ რამდენიმე ფენა ნაწილის მოხსნაა საჭირო. ასევე, მრავალი პატარა დეტალია მოსახსნელი ისე, რომ ისინი სხვადასხვა ღრმულებში არ ჩავარდეს.

ზუსტად ამიტომ, ამ „მარტივი სერვისი“ გავლა 40-დან 50 საათამდე მუშაობას საჭიროებს. ეს მაშინ, როდესაც სამუშაო იდეალურად და უშეცდომოდ სრულდება.

არა მგონია მფლობელი სერვისის ასეთი მაღალი ხარჯით შეწუხებულიყოს, თუმცა, ამ კომპლექსური პროცესით მექანიკოსი ნამდვილად შეწუხდებოდა. ალბათ, ამ პროცესის წარმოდგენით თქვენც შეწუხდით.

გაზიარება: