ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

BYD მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელია | რატომ არ იყიდება ის აშშ-ში?

ჩინური ბრენდი მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს ყიდის, თუმცა აშშ-ში მისი სამგზავრო ავტომობილები რიგი მიზეზების გამო ამ დრომდე არ შედის.

ჩინური BYD მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. კომპანია მომხმარებლებს შედარებით ხელმისაწვდომ, ქალაქისთვის გათვლილ ავტომობილებთან ერთად ტექნოლოგიურად დატვირთულ SUV-ებსა და ჰიბრიდებს სთავაზობს. ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ჩინურმა ბრენდმა პოპულარობა კონკურენტული ფასებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოიპოვა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს? 

თუმცა ამერიკელი მომხმარებლები BYD-ის ახალი სამგზავრო ავტომობილის შესყიდვას ადგილობრივი სადილეროებიდან კვლავ ვერ ახერხებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავაჭრო ბარიერებია, თუმცა არა ერთადერთი — ფაქტორებს შორის უნდა განვიხილოთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რეგულაციები და თავად ამერიკული ბაზრის მიმართ კომპანიის დამოკიდებულებაც.

მაღალი ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებს აძვირებს

ჩინური BYD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება აშშ-ის მიერ ჩინური წარმოების ელექტრომობილების იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფებია. 2024 წელს იმდროინდელმა ადმინისტრაციამ ჩინურ ელექტრომობილებზე მოქმედი ტარიფი 25%-დან 100%-მდე გაზარდა. ვაშინგტონის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ადგილობრივი კომპანიების არათანაბარი კონკურენციისგან დაცვა იყო.

BYD-ისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კონკურენტული ფასებია, მსგავსი მაღალი ტარიფები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოდის, რომ მათი ხელმისაწვდომი ავტომობილები აშშ-ის ბაზარზე ბევრად უფრო ძვირი ეღირება.

თუმცა ტარიფები ერთადერთი ბარიერი არაა: ჩინურ ავტომწარმოებლებს აშშ-ის ბაზარზე შესვლას მათი ავტომობილების ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შეზღუდვებიც ურთულებს.

კიდევ ერთი დაბრკოლება — ეროვნული უსაფრთხოება

თანამედროვე ავტომობილები სულ უფრო მეტად ეყრდნობა ინტერნეტთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე უსადენო კომუნიკაციებს, კამერებსა და სენსორებს. ეს ყოველივე კი გარე სივრციდან მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ავტომობილებში დაყენებულმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა ქვეყნისთვის სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. 2025 წლის იანვარში აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა რეგულაციები დაამტკიცა, რომლებიც ჩინეთთან ან რუსეთთან დაკავშირებული გარკვეული ტიპის პროგრამული და აპარატურული კომპონენტების მქონე დაკავშირებული ავტომობილების აშშ-ის ბაზარზე შესვლას კრძალავს.

შეზღუდვა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ერთ-ერთი მათგანია პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე აპარატურა და რეგულაციებთან შესაბამისობა. ეს წესები ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. შესაბამისად, თუნდაც ტარიფები მოიხსნას, ეს ავტომატურად BYD-ის ელექტრომობილების აშშ-ში დაშვებას არ ნიშნავს.

BYD-ს აშშ-ის ბაზარზე შესვლის სურვილი დიდად არ აქვს

ერთი შეხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე შესვლით თავად BYD-იც დაინტერესებული უნდა იყოს. თუმცა აშშ-ში გაფართოება მხოლოდ ავტომობილების ჩინეთიდან მიწოდებას არ ნიშნავს.

კომპანიას გაყიდვებისა და სერვისცენტრების ქსელის შექმნა დასჭირდება, ასევე ავტომობილებისთვის სათადარიგო ნაწილებისა და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა, ფედერალური და შტატების მოთხოვნების დაკმაყოფილება...

ამასთან, BYD-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ აშშ-ში მათი სამგზავრო ავტომობილების ბიზნესის გაფართოება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ იქნება. მაგალითად, ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას BYD-ის აღმასრულებელი დირექტორი სტელა ლი არსებულ არასტაბილურობასა და მკაფიო წესების არარსებობაზე საუბრობდა და ამ პირობებში აშშ-ში სამგზავრო ავტომობილების ბიზნესის გაფართოებას გამორიცხავდა.

ეს ნიშნავს, რომ BYD მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს არ ელოდება. კომპანიას სხვა ბაზრებზე გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ამიტომ იმ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების ჩადება, სადაც მაღალი სავაჭრო ტარიფები და მკაცრი მარეგულირებელი ბარიერებია, შესაძლოა ამ ეტაპზე კომერციულად გამართლებული არ იყოს.

შეძლებს თუ არა BYD მომავალში აშშ-ში შესვლას?

მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში BYD-ის გამოჩენა გამორიცხული არაა. თუმცა ეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორისაა სავაჭრო პოლიტიკა, მარეგულირებლების მოთხოვნები და თავად კომპანიის გადაწყვეტილება.

ერთ-ერთი შესაძლო გზა კი აშშ-ში ავტომობილების ადგილობრივად წარმოებაა. სხვათა შორის, აშშ-ის ამჟამინდელი პირველი პირი ბოლო დროს ამ შესაძლებლობაზე აქტიურად საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ღიაა. შესაბამისად, არსებული ადმინისტრაციისთვის პრობლემა უფრო მეტად ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებია, ვიდრე უშუალოდ ჩინელების მიერ ადგილზე წარმოების დაწყება.

თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც კი ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად, შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივის განხილვა გვიწევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩინური BYD ევროპაში გაფართოებას განაგრძობს | ახალი ქვეყანა შერჩეულია
    ჩინური BYD ევროპაში გაფართოებას განაგრძობს | ახალი ქვეყანა შერჩეულია