Skoda-ს მთავარი დიზაინერის თქმით, AI საავტომობილო დიზაინერების უმრავლესობას უმუშევრად დატოვებს
საავტომობილო ინდუსტრიის ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული ინტელექტი დიზაინერებისთვის უძლიერეს ინსტრუმენტად იქცა, ის სერიოზულ საფრთხესაც ქმნის. Skoda-ს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელმა კარლ ნოიჰოლდმა ღიად განაცხადა, რომ თანამედროვე AI-ს შესაძლებლობებით შოკირებულია და აფრთხილებს საზოგადოებას, რომ მომავალში ავტოინდუსტრიას შესამჩნევად ნაკლები დიზაინერი დასჭირდება.
„შოკირებული ვარ იმით, თუ რამდენად კარგად მუშაობს ის. მე თვითონაც ვიყენებ და ყოველ ჯერზე ვცვიფრდები, როდესაც მარტივი ესკიზიდან წამებში ვიღებ ისეთ ვიზუალურ ვერსიებს, რომლებსაც უკეთესად ვერც კი დავხატავდი“, — განაცხადა Autoweek.nl-თან ინტერვიუში ნოიჰოლდმა.
ასევე იხილეთ: „ქართველებს სილამაზის აღქმა დაქვეითებული გვაქვს" - ზვიად ციკოლია | Car-ხანა
თანამედროვე პლატფორმები მარტივი ტექსტური მითითებებით ხელმძღვანელობით უბრალო ხელნაკეთ ესკიზებს სრულყოფილ ციფრულ რენდერებად აქცევენ — რეალისტური ჩრდილებით, ასახვებითა და გარემო პირობებით. თუ ადრე AI მოდელები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს ლოგოებსა და დეტალებში, ბოლო განახლებებმა ეს ხარვეზები პრაქტიკულად სრულად აღმოფხვრა.

ნოიჰოლდის თქმით, AI მომავალია და პროფესიონალები ტექნოლოგიურ სიახლეებს ფეხს უნდა უწყობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონკურენტუნარიანობას დაკარგავენ. ავტომობილების დიზაინის სფეროში მუშაობა უკვე აღარ არის მხოლოდ „ხატვა“ — ის გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარსაც.
თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ დიზაინერები „ფრთხილად უნდა იყვნენ“ თავიანთი მომავალი სტრატეგიის დაგეგმვისას — იმის გამო, რომ AI დიზაინერებს მუშაობის ტემპებს უზრდის და მათ კრეატიულობას ახალ იმპულსს აძლევს, დიზაინ-სტუდიებს მომავალში სულ უფრო ნაკლები თანამშრომელი დასჭირდებათ. ახალგაზრდა, დამწყებ დიზაინერებს პროფესიაში დამკვიდრება და თავის გამოჩენა ყოველწლიურად უფრო და უფრო გაუჭირდებათ.

მიუხედავად ამისა, ნოიჰოლდი ახალგაზრდა ტალანტებს ურჩევს, რომ სამსახურში განაცხადის შეტანისას კვლავ ტრადიციული, ხელით შესრულებული ესკიზები წარადგინონ, რადგან ადამიანის გონების კრეატიული ბუნება და ინდივიდუალური ხელწერა ავტომობილის შექმნის პროცესში კვლავ ფუნდამენტურ ფაქტორად რჩება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს