მფრინავი, მფრინავი მანქანა, დელორეანი
Aa
Aa

DeLorean-ი მფრინავი ავტომობილების რბოლაში ერთვება

DeLorean-ი, რომლისგანაც ჯერ კიდევ 2022 წელს დაანონსებული Alpha5-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას ველით, ახალ მიმართულებას ირჩევს. კომპანია ამჟამად მფრინავი ავტომობილების რბოლაში ერთვება, თუმცა პირველ სეზონში გუნდი არა საკუთარი საფრენი აპარატით, არამედ უკვე არსებული Airspeeder Mk3C-ით იასპარეზებს.

Airspeeder-ის განცხადებით, DeLorean Team-ი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2026-2027 წლების საერთაშორისო ჩემპიონატში წარადგენს. სეზონი ნოემბერში ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში დაიწყება. ორგანიზატორები კი DeLorean-ს ჩემპიონატის პირველ ამერიკულ კონსტრუქტორად მოიხსენიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განაცხადი ბრენდისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რეალურად, პროექტის საწყისი ეტაპი უფრო გუნდის იდენტობასა და საფრენი აპარატის ვიზუალურ მხარეს წარმოაჩენს, ვიდრე DeLorean-ის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას. პირველ სეზონში, როგორც გითხარით, ამერიკული გუნდი Airspeeder Mk3C-ს გამოიყენებს, ხოლო საკუთარი დიზაინის საფრენ აპარატს, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონისთვის წარადგენს.

2027–2028 წლების სეზონისთვის კი DeLorean-ი ახალ საფრენ აპარატს ამერიკული უნივერსიტეტების საინჟინრო მიმართულებების სტუდენტებთან თანამშრომლობით შექმნის. მფრინავი ავტომობილების რბოლაში მონაწილეობა DeLorean-ისთვის ბრენდის ცნობადობის გაზრდის ახალი გზაა.

გუნდის პილოტების ვინაობა, საფრენი აპარატის საბოლოო დიზაინი და სპორტული პროგრამის დეტალები ჩემპიონატის დაწყებამდე გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე არც პირველი რბოლის ჩატარების ზუსტი თარიღი და არც ლოკაციაა გასაჯაროებული.

DeLorean-ის ახალი პროექტის მიმართ ინტერესს ის ფაქტიც ზრდის, რომ კომპანიის მიერ დაანონსებული საგზაო ავტომობილი Alpha5 წარმოებაში ჯერ კიდევ არ ჩაშვებულა. 2022 წელს წარდგენილი კონცეფცია ოთხადგილიან, სრულამძრავიან ელექტრომობილს გვთავაზობდა, რომელსაც დაახლოებით 483 კილომეტრის დაფარვა შეეძლო. ამასთან, მოდელი 100 კმ/სთ-მდე 2.99 წამში ჩქარდებოდა.

Alpha5-ის წარმოებაში ჩაშვება კომპანიის თავდაპირველი გეგმით 2024 წლისთვის იყო გაწერილი, თუმცა შემდეგ ეს თარიღი გადავადდა და ფაქტია, რომ ავტომობილის სერიული გამოშვება დღემდე თვალით არ გვინახავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    8 ავტომობილი, რომლებსაც ავტომწარმოებლის დაღუპვაში მიუძღვით წვლილი
    8 ავტომობილი, რომლებსაც ავტომწარმოებლის დაღუპვაში მიუძღვით წვლილი