უნიკალური Ferrari F50-ის შეფასებამ აუქციონზე შესაძლოა რეკორდულ $20 მილიონს გადააჭარბოს
Ferrari F50-ის უნიკალური ეგზემპლარი, რომელსაც მხოლოდ 171 კილომეტრი აქვს გავლილი, აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. მოდელის სავარაუდო ღირებულება კი $20 მილიონზე მეტია. იმ შემთხვევაში, თუ Ferrari-ს შეფასება სამიზნე ნიშნულს გადააჭარბებს, ეს ამ მოდელისთვის საჯარო აუქციონის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
ასევე იხილეთ: საუკეთესო ავტომობილი ისტორიაში? - Ferrari F40
ბოლო წლებში Ferrari F50 კოლექციონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდელად გადაიქცა. სულ რაღაც სამი წლის წინანდელი აუქციონებისგან განსხვავებით, დღეს იდეალურ მდგომარეობაში შემონახული ეგზემპლარების ღირებულება მკვეთრად გაზრდილია. $20-მილიონიანი ღირებულება კი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება იმ თანხას, რა ფასადაც მსგავსი ავტომობილები ერთი წლის წინ იყიდებოდნენ.
Ferrari-მ 1995-1997 წლებში F50-ის მხოლოდ 349 ეგზემპლარი გამოუშვა. აუქციონზე გამოტანილი მოდელი კი ბოლო წლის, 334-ე ეგზემპლარია, შასის ნომრით 107165. თავდაპირველად, სრულიად ახალ მდგომარეობაში, Ferrari გაერთიანებულ სამეფოში გაიყიდა, რის შემდეგაც თითქმის 30 წელი პრაქტიკულად გამოუყენებელი იყო.


შესაბამისად, ავტომობილის ღირებულება მის იშვიათობასთან ერთად მინიმალური გარბენითაც განპირობებულია. მფლობელმა მისი გამოყენების ნაცვლად გადაწყვიტა, მოდელი თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში დაეტოვებინა და კარგი საინვესტიციო გათვლაც გამოუვიდა.
Ferrari F50 ატმოსფერული 4.7-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც Ferrari-ს F1-ის სარბოლო აგრეგატისგანაა მიღებული. მოდელი მის წინამორბედ F40-ზე კიდევ უფრო იშვიათია. დიდი მოცულობის ძრავა და შედარებით მარტივი მექანიკური კონსტრუქცია კი მის ფასსა და კოლექციონერების ინტერესსაც ზრდის.

Ferrari F50-ის ღირებულება ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა
აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი Ferrari-სთვის ტრადიციულ Rosso Corsa-ს წითელ ფერშია შეღებილი. სალონში შავი ტყავი და წითელი დეტალებია გამოყენებული. ავტომობილს ქარხნული მყარი სახურავიც შენარჩუნებული აქვს, ასევე ხელსაწყოები და Schedoni-ს სამნაწილიანი სამგზავრო ჩანთების ნაკრებიც კი.
თუ Ferrari F50-ის ღირებულება $20 მილიონს გადააჭარბებს, ის საჯარო აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული F50 გახდება. არსებული რეკორდი ყვითელ, Giallo Modena-ს ფერში შეღებილ ეგზემპლარს ეკუთვნის, რომელიც აგვისტოში $14.575 მილიონად გაიყიდა. თუმცა მას 7 200 კილომეტრი ჰქონდა გავლილი — გაცილებით მეტი, ვიდრე ამ კონკრეტულ ეგზემპლარს.

თუმცა F50-ის ფასები ყოველთვის ასეთი მაღალი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2024 წელს საჯარო აუქციონებზე მოდელის უმეტესობა $4-$5 მილიონად იყიდებოდა. მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღეთ 2025 წლის აგვისტოში, როდესაც დიზაინერ რალფ ლორენის კუთვნილი ყვითელი F50, თითქმის 8 700-კილომეტრიანი გარბენით, $9.2 მილიონად გაიყიდა. ამ გარიგებამ მოდელის საბაზრო ღირებულების ახალი ნიშნული შექმნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს