აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი ემი, ბიემვი 533ი
Aa
Aa

BMW-ის უიშვიათესი სპორტული სედანი, რომლის შესახებ დილერებმაც კი არაფერი იცოდნენ

1979 წლის BMW 533i სრულად რესტავრირებულია და €75 000-დან €95 000-მდეა შეფასებული. ეს უიშვიათესი მოდელი BMW M-ის ისტორიის ნაწილია.

დღეს BMW-ის თითქმის ყველა სერიის ავტომობილს სპორტული M-ვერსია აქვს, თუმცა 1970-იან წლებში ვითარება განსხვავებული იყო. იმ პერიოდში ისეთი მოდიფიცირებული მოდელებიც კი არსებობდნენ, რომელთა შესახებაც შესაძლოა სტანდარტულ დილერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონოდათ. ერთ-ერთი მათგანი კი ახლა თქვენ წინაშეა და ის BMW 533i გახლავთ. BMW 2026 წლის 17 ოქტომბერს ავსტრიაში დაგეგმილ Humer Granner-ის აუქციონზე გასაყიდად გამონდება.

ასევე იხილეთ: როგორ დაიპყრო M3-მა მსოფლიო (ნაწილი 1)

BMW-ის მეხუთე სერიის ისტორია 1972 წელს დაიწყო — ზუსტად იმავე წელს, როდესაც გერმანული ავტომწარმოებლის Motorsport განყოფილება შეიქმნა. 1974 წლიდან BMW M-ის გუნდი დინგოლფინგის ქარხნის საწარმოო ხაზიდან შერჩეულ ავტომობილებს საკუთარ ქარხანაში „მიერეკებოდა“ და მათ ტექნიკურ მოდიფიკაციებს უტარებდა.

ეს BMW South Africa-ს მიერ 530 Motorsport Limited Edition-ის შექმნამდე მოხდა. ეს უკანასკნელი უკვე სარბოლო ავტომობილების ჰომოლოგაციაზე იყო მიმართული. ამასთან, ეს ყველაფერი დაახლოებით ხუთი წლით ადრე ხდებოდა, ვიდრე გერმანელები სერიულ BMW M535i-ს წარადგენდნენ. პირველი M5-ის გამოჩენამდე კი ჯერ კიდევ 10 წელი რჩებოდა.

BMW M-ის სპეციალისტები E12 თაობის მე-5 სერიის ავტომობილებში სტანდარტულ 2.5- და 2.8-ლიტრიან 6-ცილინდრიანებს უფრო მძლავრი, 3- ან 3.3-ლიტრიანი აგრეგატებით ცვლიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ვერსია 533i გახლავთ, 3.2-ლიტრიანი ძრავით. მისი სიმძლავრე 197 ცხენის ძალას აღწევდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე — 212 კმ/სთ-ს. ფაქტობრივად, რომ წარმოიდგინოთ, მაშინ ეს ისეთივე სწრაფი იყო, როგორც საბაზისო Porsche 911-ები.

თუმცა მოდიფიკაციები მხოლოდ ძრავით არ შემოიფარგლებოდა. ავტომობილები 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, თვითბლოკირებადი დიფერენციალით, სპორტული ამორტიზატორებითა და განიერი საბურავებით იყო აღჭურვილი. მფლობელების ნაწილი მას უცვლელს ტოვებდა, სხვები კი არჩევანს Motorsport-ის სტილის გრაფიკასა და სპოილერებზე აკეთებდნენ.

მოდელი, რომელიც აუქციონზე გამოჩნდა, 1979 წლის ზაფხულში დამზადებული ვერცხლისფერი BMW-ია. იმ დროს გერმანულ კომპანიას M-ის კონცეფცია უკვე დახვეწილი ჰქონდა. ავტომობილი 1980 წელს გამოშვებული სერიული E12 BMW M535i-ის ერთგვარ წინამორბედად იქცა.

მოდელის ქარხნული 2.5-ლიტრიანი M30 ძრავა 635CSi-დან ამოღებული 3.5-ლიტრიანი აგრეგატით ჩაანაცვლეს. შედეგად, სიმძლავრე 218 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური სიჩქარე კი — 222 კმ/სთ-მდე. სედანს 14-დუიმიანი BBS Mahle-ის დისკები და სპეციალური სპორტული სავარძლებიც აქვს.

ამჟამად ავტომობილი თავისი რიგით მეოთხე მფლობელის საკუთრებაშია და სრულადაა რესტავრირებული. ვარაუდობენ, რომ აუქციონზე მისი ღირებულება 75 000-95 000 ევროს მიაღწევს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საუკეთესო M-ების“ კოლექცია აუქციონზეა გამოტანილი | რომელი მოდელები იქნება წამოდგენილი?
    „საუკეთესო M-ების“ კოლექცია აუქციონზეა გამოტანილი | რომელი მოდელები იქნება წამოდგენილი?