Aa Aa
9 მაისი 2023  |  12:45

მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას BMW E90 M3 ბოლს უშვებს და ფუჭდება

ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ მანქანას ბარბაცის შუასადები დეფორმირდა.

E90/92 თაობის BMW M3 ერთ-ერთი საუკეთესო მოდელებია, რაც „ემ“ დივიზიას ოდესმე შეუქმნია. თუმცა, ახლახან, ერთ-ერთი ეგზემპლარი მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას მძიმედ დაზიანდა. მისი გზებზე დაბრუნება კი დიდ ფინანსებთან და შრომასთან არის დაკავშირებული.

ქვემოთ მიბმული ვიდეო ევროპაშია გადაღებული. კადრებში მაღალი სიჩქარით მოძრავი M3 ჩანს, რომელიც ობიექტივში ჩნდება. უცებ მის უკნიდან ლურჯი ბოლი გამოდის და ორზოლიან გზატკეცილს მთლიანად ფარავს. ეს მომენტი მძღოლის გვერდით მჯდომმა მგზავრმაც დააფიქსირა. მულტიმედიის ეკრანზე უზარმაზარი მაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა.

ძრავის მძიმე დაზიანების შემდეგ მძღოლმა მანქანა გზის პირას გააჩერა და პრობლემის დათვალიერება დაიწყო. სამწუხაროდ, ძრავის განყოფილება მთლიანად ზეთით იყო დასვრილი. თუმცა, ძრავა შესაძლოა ბოლომდე არ იყოს განადგურებული.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზის ვიდეოდან დადგენა, Instagram-ის პლატფორმაზე ხალხი ვარაუდებს მაინც გამოთქვამს. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბარბაცის შუასადები არ იყო შეცვლილი. მაღალ დატვირთვაზე კი უბრალოდ გაცვდა და დეფორმირდა.

საინტერესოა რა მოხდა რეალურად. ამას მექანიკოსი ძრავის დაშლის შემდეგ გაარკვევს. თუ მფლობელს მთლიანი ძრავის შეცვლა მოუწევს, მაშინ ეს დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. E90 და E92 თაობის M3-ები 4-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი. კოდური სახელით ცნობილი S65 414 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მაქსიმალური ბრუნი კი 8300-ს აღწევს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? რა ვარაუდის გაკეთება შეგიძლიათ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: