Aa Aa
22 მაისი 2023  |  12:58

დათა ქაჯაიას ტრიუმფი - ქართველმა რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა!

როგორც მოგეხსენებათ, დათა ქაჯაია TCR Eastern Europe-ის ჩემპიონატის მონაწილეა. ჩემპიონატის ფარგლებში 20-21 მაისს ერთ-ერთი სარბოლო ეტაპი Red Bull Ring-ზე ჩატარდა.

ორივე დღე საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 20 მაისის რბოლაში ქართველმა პილოტმა კვალიფიკაციაზე მეოთხე დრო აჩვენა. მეოთხე ადგილიდან დათა კარგად დაიძრა, თუმცა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მცირე სარბოლო ინციდენტი შეემთხვა და გზიდანაც გადავიდა. სხვა ავტომობილთან კონტაქტის გამო დათას ავტომობილს საბურავების ნახარი აერია. ამის გამო დათას მაქსიმალური ტემპის შენარჩუნება გაუჭირდა. მიუხედავად სირთულეებისა, ქაჯაიამ მეშვიდე ადგილი მაინც დაიკავა.

21 მაისის რბოლა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყველას გაუხარდებოდა რომ ყოფილიყო. მაყურებელმა დაძაბული ორთაბრძოლები, კონტაქტები და დრამატული მომენტები იხილა. ყველაზე სანახაობრივი დათა ქაჯაიასა და სებასტიან შტაიბელს შორის გაჩაღებული ბრძოლა გამოდგა. საბოლოოდ ქართველმა პილოტმა „ფინიშის“ ხაზი თავისი Honda Civic-ით პირველმა გადაკვეთა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ქაჯაიამ კომფორტული სხვაობა რბოლის დასაწყისშივე მოიპოვა. დაძაბულ ბრძოლაში მილენკო ვუკოვიჩმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა. მისი ავტომობილი დატრიალდა და სხვა მანქანას შეეჯახა. ამის გამო, სარბოლო ტრეკზე უსაფრთხოების ავტომობილი გამოჩნდა.



რბოლის განახლების შემდეგ შტაიბელი ქაჯაიას უტევდა. თუმცა, გამოცდილმა ქართველმა პილოტმა ლიდერობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. საბოლოოდ კი დათამ „ფინიშის“ ხაზი პირველმა გადაკვეთა და TCR-ის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

პოდიუმზე ქაჯაია ჩვენი ქვეყნის დროშით წარსდგა. აღსანიშნია, რომ ამ ჟესტით ჩემპიონატზე მხოლოდ ქართველი გამოირჩეოდა. CrystalAuto-ს გუნდი ვულოცავთ დათას დიდ გამარჯვებას და მომდევნო რბოლებში წარმატებას ვუსურვებთ!

გაზიარება: