ახალი კვლევის მიხედვით, საწვავის ფასმა მძღოლების 56% „ელექტრომობილზე დააფიქრა“
საწვავზე ფასების კატასტროფულმა ზრდამ ამერიკელ მომხმარებლებს პრიორიტეტების შეცვლისკენ უბიძგა. Here Technologies-ისა და SBD Automotive-ის მიერ ჩატარებული ახალი ყოველწლიური კვლევის თანახმად, გამოკითხული მძღოლების 56% აცხადებს, რომ საწვავის მაღალი ფასის გამო ელექტრომობილებით სერიოზულად დაინტერესდა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
წლების განმავლობაში ელექტრომობილების შეძენის მთავარ ბარიერად დამმუხტველი სადგურების ნაკლებობა ითვლებოდა. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება ამ მიმართულებითაც უმჯობესდება — გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი დამმუხტველების რაოდენობა უკვე საკმარისია (გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 28% იყო). ელექტრომობილების მოქმედი მფლობელების 85% აცხადებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებთ — ძირითადად იმის ხარჯზე, რომ ავტომობილის დამუხტვა ღამით, სახლის პირობებში ხდება.

უკანა პლანზე გადაინაცვლა სვლის მარაგის შიშმაც. დღეს ელექტრომობილზე გადასვლის მთავარ ბარიერად მაღალი საწყისი ფასი რჩება — გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ ახალი ელექტრომობილები მათთვის ჯერ კიდევ ძვირია. სწორედ ამიტომ, ავტომწარმოებლები (მაგალითად, Ford-ი) აქცენტს შედარებით ბიუჯეტურ ელექტრო პიკაპებსა და ხელმისაწვდომ მოდელებზე აკეთებენ.
კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა: ელექტრომობილის მფლობელების 77% აცხადებს, რომ შემდეგ ავტომობილად კვლავ ელექტრომობილს აირჩევს და შიგაწვის ძრავს აღარ დაუბრუნდება. საწვავის ფასების მატებასთან ერთად, მეორადი ელექტრომობილების ბაზარზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება, რაც ავტომწარმოებლებს აიძულებს ახალ, უფრო ხელმისაწვდომ EV მოდელებზე გაამახვილონ ყურადღება.