Aa Aa
29 მაისი 2023  |  10:39

თინეიჯერი 283 კმ/სთ-ით გადაადგილებისას დაიჭირეს - თქვა, რომ მეტიც განავითარა

ასეთი ქმედების გამო 19 წლის ბიჭს პატიმრობა შეუფარდეს.

ვაშინგტონ ქანთიში 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ის 283 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. ადგილობრივი შერიფის ცნობით, ბიჭმა აღიარა, რომ მან თავისი 2016 წლის BMW M3-ით უფრო მაღალი სიჩქარეც განავითარა.

„ჩვენს ეკიპაჟს შეატყობინეს, რომ 2016 წლის BMW M3 გზატკეცილის მონაკვეთზე ზედმეტად მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა, რომ მძღოლი ავტომობილს 283 კმ/სთ-ით მართავდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

19 წლის ბიჭმა არათუ კანონი დაარღვია, არამედ თავხედობაც ეყო იმის სათქმელად, რომ ის უფრო მაღალი სიჩქარითაც გადაადგილდებოდა. ახალგაზრდა მძღოლმა სამოქალაქო გზებზე 294 კმ/სთ განავითარა. ეს გერმანიის სიჩქარის შეუზღუდავ გზებზე პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, აშშ-ში ეს კანონის უხეში დარღვევაა.

სავარაუდოდ, ავტომობილი მოდიფიცირებული იყო. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ M3-ს სიჩქარის შეზღუდვა 249 კმ/სთ-ზე აქვს. M Driver ვერსიის შეძენის შემთხვევაში კი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-მდე იზრდება.

ახალგაზრდა კანონდამრღვევი დაუდევარი საქციელის გამო ციხეში დამსახურებულად მოხვდება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი მაღალი სიჩქარით სამოქალაქო გზებზე გადაადგილება დაუშვებელია. ასეთი ადამიანები კი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას იმსახურებენ.

გაზიარება: