Aa Aa
5 ივნისი 2023  |  13:59

ესპანეთის გრან პრი: მაქსმა ისევ მოიგო, Mercedes-ის ორივე პილოტი პოდიუმზე მოხვდა

ესპანეთის გრან პრი ნიდერლანდელი პილოტისთვის მარტივი და სასიამოვნო გასეირნება გამოდგა. მაქსმა 2023 წლის სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ფერსტაპენი კვალიფიკაციაზე დომინირებდა და იგივე შედეგი რბოლაზეც გაიმეორა. ბარსელონას ისტორიულ რბოლაში 66 წრის გავლის შემდეგ, მან ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის მეშვიდე რბოლას ესპანეთმა უმასპინძლა. ბარსელონა-კატალონიას ტრასაზე პილოტებმა 66 წრე გაიარეს.

მაქს ფესრატპენმა ამ სეზონში თავისი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. Mercedes-მა კი თავის გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.

შაბათის კვალიფიკაციაზე მაქსმა კარიერაში 24-ე პოლ პოზიცია მოიპოვა. კვირას სტარტზე კარლოს საინსის მხრიდან მცირედი საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, ნიდერლანდელი წინ მალევე გაიჭრა და რბოლა პირველ პოზიციაზე უკონკურენტოდ დაასრულა.

ბოლო წრეებზე მაქსი სამჯერ გააფრთხილეს და ტრასის საზღვრების დარღვევის გამო შავ-თეთრი დროშაც უჩვენეს.

ნიდერლანდელმა რბოლა ლუის ჰამილტონზე 23 წამით ადრე დაასრულა და ყველაზე სწრაფი წრისთვის დამატებითი ქულაც მოიპოვა. მან ერთი წრე 1:16.330-ში დაფარა.

ლუის ჰამილტონმა რბოლა მეოთხე პოზიციიდან დაიწყო. მისი გუნდელი, ჯორჯ რასელი კი სტარტზე მეთორმეტე პოზიციაზე იდგა.

შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა რბოლა მეორე პოზიციაზე დაასრულა და დღის მრბოლელიც გახდა, რასელი კი პოდიუმზე მისი გუნდელის გვერდით აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის დროს ბრიტანელი გუნდელები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ესპანეთის გრან პრის შემდეგ, ფერსტაპენი თავის გუნდელს, რომელმაც ესპანეთის გრან პრი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა, 53 ქულით უსწრებს. ნიდერლანდელმა ესპანეთში მესამე გამარჯვება მოიპოვა (2016, 2022, 2023).

„ასეთი ბოლიდის მართვა დიდი სიამოვნებაა. დღეს ეს ისევ გამოჩნდა. განსხვავებული სტრატეგიები გვქონდა. აქ გამარჯვება შთამბეჭდავია. ხისტი საბურავებით დავიწყე და ვიცოდი, რომ მარტივი სტარტი არ იქნებოდა. კიდევ ერთი ძლიერი უიკენდი გვქონდა. ეს ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ასე იქნება“, - თქვა მაქსმა, რომელმაც თავის კარიერაში მეორმოცე გამარჯვება მოიპოვა.

რბოლით კმაყოფილი იყო ლუის ჰამილტონიც, რომელსაც ამ სეზონში მეორე პოდიუმი ჰქონდა.

„ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია. ამ შედეგს არ ველოდი. გუნდის წინაშე ქედს ვიხრი. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც შრომობს, რომ Red Bull-თან სხვაობა შევამციროთ. ისინი ჯერ კიდევ წინ არიან, მაგრამ ვეწევით. ჯორჯმაც შესანიშნავად იმუშავა“, - ამბობს ლუისი.

ბრიტანელმა ისიც დაამატა, რომ, თუ წლის ბოლოს Red Bull-ს მიუახლოვდებიან, კარგი იქნება.

ფერნანდო ალონსოს, რომლის პოდიუმზე დანახვაც ამ სეზონში ჩვეულებრივ ამბად იქცა, ნაკლებად წარმატებული რბოლა ჰქონდა. საშინაო რბოლაში ალონსო მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ესპანეთში საშინაო რბოლა ჰქონდა კარლოს საინსსაც, რომელმაც კარგი კვალიფიკაციის შემდეგ, მეორე პოზიციიდან დაიწყო და ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა.

რთული უიკენდი ჰქონდა მის გუნდელ შარლ ლეკლერს, რომელმაც კვალიფიკაცია ჩააგდო და რბოლაზე ქულების ზონაში ვერ მოხვდა.

შემდეგი რბოლა კანადაში 18 ივნისს გაიმართება.  ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე პილოტები 70 წრეს (305,270კმ-ს) გაივლიან. რბოლას მაქს ფერსტაპენი და Red Bull-ი ჩემპიონატში კომფორტული სხვაობით შეხვდებიან.

გაზიარება: