Aa Aa
29 ივნისი 2023  |  14:23

Manhart-ის გაუმჯობესებულ Mercedes-AMG SL 63-ს 707 ცხენის ძალა აქვს

გერმანული ატელიე ამ გიჟური როდსტერის მხოლოდ 10 ეგზემპლარს ააწყობს.

მეშვიდე თაობის SL-ის დებიუტი 2022 წელს შედგა და პირველი SL-ი იყო Mercedes-AMG-ის ბრენდის ქვეშ. ახალი როდსტერის განვითარებაში AMG-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუ ვინმესთვის ქარხნული SL 63-ის სიმძლავრე საკმარისი არაა, Manhart-ი დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.

ვუპერტალში დაფუძნებულმა ატლიემ SL 700 R Limited-ი წარმოგვიდგინა, რომელიც ტრადიციულად ორ ფერშია გადაწყვეტილი.

ახალ 22-იან დისკებს შავი და ოქროსფერი შეფერილობა აქვს. ატელიემ SL 700 R Limited-ს Hankook Ventus S1 Evo2 საბურავები დაუყენა. Manhart-ის თქმით, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, სამუხრუჭო სისტემასაც გააუმჯობესებს.

ყველაზე საინტერესო ცვლილებები კაპოტის ქვეშ იმალება. 4.0-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა, ახალი შუალედური გამაგრილებლით, ჰაერის ფილტრით და პროგრამული განახლებებით 707 ცხენის ძალასა და 935ნმ-ს გამოიმუშავებს. ქარხნულად ეს ძრავა 577 ცხენის ძალას და 800ნმ-ს გვაძლევს. Manhart-ის თქმით, მათ 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის გაუმჯობესებაზეც იზრუნეს.

ამ სწრაფ როდსტერს Manhart-ი მხოლოდ 10 ეგზემპლარად შემოგვთავაზებს. ქარხნული ვერსიის ფასი $198,185-დან იწყება. რა თქმა უნდა, უფრო გიჟური ვერსიას უფრო მაღალი ფასი ექნება.

გაზიარება: