BMW, 8-Series, Speedster
Aa
Aa

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო 1990 წლის 8-Series-ის „სპიდსტერი“

გაწირავდით ულამაზეს E31-ს უნიკალური BMW 8-Series Speedster-ის შესაქმნელად?

რთულია 1990 წლის „მერვე“ სერია არ გიყვარდეთ. ეს მდიდრული საკრუიზო ავტომობილი საოცარი დიზაინისაა, რომელსაც წლების ვერაფერს აკლებს. E31 სახელით გამოშვებული ავტომობილი მხოლოდ კუპე ვერსიად გამოდიოდა. მისი კაბრიოლეტი ვერსია კი სერიულად არასდროს უწარმოებიათ. ამ მოდელის შექმნიდან სამი ათწლეულის შემდეგ, დამოუკიდებელმა დიზაინერმა კამილო დილეიმ „მერვე სერიის სპიდსტერ“ ვერსია დახაზა.

BMW 8-Series Speedster-ის ძარა ორიგინალი ავტომობილის კორპუსის ქვედა ნაწილს იზიარებს. ძარის ზედა ნაწილი კი ახლიდან არის შექმნილი. ეს სურათები ციფრული გამოსახულებაა. ავტომობილი რეალურად არ არსებობს. თუმცა, ნამუშევარი იმდენად დახვეწილია, რომ მისი რეალობად ქცევა სავსებით შესაძლებელია. ცვლილებები უფრო მომრგვალებულ საქარე მინას და ულამაზესი მოყვანილობის კუდს მოიცავს.


შედეგი ისაა, რომ ორიგინალი ავტომობილის პროპორციები თითქმის მთლიანად არის შეცვლილი. თითქოს საქმე არა ავტომობილთან, არამედ სწრაფ ნავთან გვაქვს. დიზაინერმა კაბრიოლეტი სახურავის მუშაობის პრინციპიც გვაჩვენა. ნახეთ როგორი დახვეწილია!

თანამედროვე კლასიკური ავტომობილის მოდიფიცირებისას ბევრი დიზაინერი ნამუშევრების ელექტრიფიცირებას ცდილობს. კამილო დილეის ნამუშევარი ამტკიცებს, რომ „სპიდსტერის“ შექმნისას მას ელექტრო გარდასახვაზე აზრი გონებაში საერთოდ არ გაუვლია. ამაზე ავტომობილის უკანა მხარე მიუთითებს, საიდანაც ოთხი მაყუჩი იმზირება. ასეთი ვიზუალით ყველა „მერვე სერია“ გამოდიოდა, რომელსაც 12-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რამდენად შთამბეჭდავი სანახავი იქნებოდა 850CSi Speedster-ის ხილვა 375 ცხენისძალიანი აგრეგატით...

ამ ავტომობილის გრაფიკულმა სურათებმა ინტერნეტსივრცეში დიდი ყურადღება მიიპყრო. რეაქციების უმეტესობა დადებითია. გამოქვეყნებულმა „პოსტმა“ BMW Classic-ის ოფიციალური გვერდისგანაც მიიღო ჩინებული შეფასება.

ფიქრობთ, რომ ვინმემ ავთენტური მოდელი ამ გარდასახვისთვის უნდა გაწიროს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები