Tesla ჩინეთში 3 მილიონამდე ელექტრომობილს უკან გაიწვევს | მიზეზები
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla ჩინეთის ბაზარზე 3 მილიონამდე ავტომობილს ნებაყოფლობით უკან გაიწვევს. თანაც, ამ შემთხვევაში საქმე არა ერთ, არამედ ორ პრობლემასთან გაქვს. ესენია: ძარაში „ჩამალული“ კარის ელექტრულად მართვადი სახელურები და ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მონიტორინგის სისტემა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ელექტრული კარის სახელურებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, Tesla ნებაყოფლობით შემდეგ მოდელებს გაიწვევს: Model 3-ის, Model Y-ის, Model S-ისა და Model X-ის იმ ეგზემპლარებს, რომლებიც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში 2019 წლის 4 მარტიდან 2026 წლის 29 აპრილამდე პერიოდშია წარმოებული.

ამერიკული კომპანიის განმარტებით, ძლიერი შეჯახების შემთხვევაში არსებობს შანსი, ავტომობილის დაბალი ძაბვის ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდეს. შედეგად კი, შესაძლოა, კარის გაღება გართულდეს, რაც მძღოლსა და მგზავრებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ელექტრომობილის დაუყოვნებლივ დატოვებაში ხელს შეუშლის. ასევე შეაფერხებს სამაშველო სამუშაოებს.
მსგავსი პრობლემის გამო, ელექტრომობილის მონაწილეობით ავარიის დროს, წარსულში რამდენიმე ადამიანი უკვე დაიღუპა. მართალია, ამ ტიპის ყველა ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებში არ არის დადგენილი, „ელექტრული კარის სახელური“ გახდა თუ არა მძღოლის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ჩინეთმა მკაცრი ზომები უკვე მიიღო. მათ შორის, ჩინეთში წარმოებულ ან შემავალ ელექტრომობილებზე Tesla-ს ტიპის სახელურების გამოყენება აკრძალა.

ვრცლად: ჩინეთი Tesla-ს სტილის კარის სახელურებს კრძალავს
პრობლემის გამოსასწორებლად, Tesla უკან გაწვეულ ავტომობილებზე სპეციალურ გამაფრთხილებელ სტიკერებს დაამატებს. გარდა ამისა, დისტანციურად, პროგრამული უზრუნველყოფით, ფანჯრების მართვის სისტემას განაახლებს, რათა ავარიის დაფიქსირების შემდეგ ფანჯრები ავტომატურად ჩამოიწიოს.
მეორე გაწვევა ჩინეთში წარმოებულ Model 3-სა და Model Y-ს ეხება, რომლებიც 2019 წლის 4 მარტიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდშია გამოშვებული. მიზეზი მძღოლის მონიტორინგის სისტემის გარკვეული ხარვეზებია. ეს სისტემა ნაწილობრივ ავტომატიზებული მართვის ფუნქციების, მათ შორის Autosteer-ის გამოყენებისას, ამოწმებს, თუ რამდენად ყურადღებითაა მძღოლი, რათა საჭიროების შემთხვევაში საჭისა და დამუხრუჭების კონტროლი „გადაიაროს“.

Tesla-ს განცხადებით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებს უფასო დისტანციურ პროგრამულ განახლებას შესთავაზებენ. განახლების შემდეგ, საჭეზე მძღოლის მოჭიდების განმსაზღვრელ სენსორებს სალონში განთავსებული კამერის მონიტორინგიც დაემატება, რაც მძღოლის გზაზე ყურადღების კონტროლსაც გააძლიერებს.
დაგაინტერესებთ: მიზეზი, რომლის გამოც ჩინეთში ელექტრონული სახელურები აიკრძალა | ვიდეოც
როგორც გითხარით, ჩინეთმა Tesla-ს მსგავსი, ძარაში ჩამალული ელექტრონული კარის სახელურები საკანონმდებლო დონეზე აკრძალა. ამის გამო, ჩინეთში ავტომობილების უკან გაწვევა სხვა ავტომწარმოებლებსაც მოუწიათ. ჩინეთის გარდა, მსგავსი ტიპის რეგულაციები განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ახალი ფედერალური მოთხოვნების შემოღებამ, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებისთვის ავტომობილის სწრაფი და მარტივი დატოვება უნდა უზრუნველყოს.