კოლუმბიაში გამართულ რბოლაში ერთმანეთს მისაბმელიანი სატვირთოები უპირისპირდებიან
სატვირთო ავტომობილების რბოლა ავტოსპორტში უკვე ათწლეულებია არსებობს, თუმცა კოლუმბიაში იმართება ტურნირი, რომელიც ამ სეგმენტშიც კი სრულიად ექსტრემალური და უნიკალურია. 1988 წლიდან მოყოლებული, სამხრეთამერიკულ ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება Gran Premio Mobil Delvac-ი, სადაც მძღოლები ავტოდრომზე არა მხოლოდ სატვირთოებით, არამედ მათზე მიბმული სრულზომიანი მისაბმელებით ეჯიბრებიან.
ტორნაკიპას ავტოდრომზე გამართული ეს შეჯიბრი მხოლოდ სიჩქარეზე არ არის ორიენტირებული. ეს მძღოლის ოსტატობისა და სიზუსტის ნამდვილი გამოცდაცაა: სატვირთოებს მისაბმელებით უწევთ მანევრირება, ავტოკროსის სტილის ლოკაციებზე მოხვევა და სპეციალურად გამოყოფილ ბოქსებში ზუსტი გაჩერება.
ტურნირის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მონაწილეები პროფესიონალი მრბოლელები არ არიან. ნებისმიერ მძღოლს, რომელიც სპონსორ Mobil-ისგან 5-გალონიან ზეთს შეიძენს, უფლება აქვს დარეგისტრირდეს. გასულ თვეს გამართულ ჩემპიონატში 150-ზე მეტი რეალური მძღოლი მონაწილეობდა, რაც ავტოსპორტის საწყის ეპოქას მოგვაგონებს, როცა მრბოლელები პარალელურად ყოველდღიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

ტექნიკური თვალსაზრისით, სატვირთოები არ არის ისე მკვეთრად მოდიფიცირებული, როგორც სხვა პროფესიონალურ სერიებში. საწვავის სისტემის უმეტესი დეტალი თავისუფალია, თუმცა ტურბოზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს — აკრძალულია ცვლადი გეომეტრიის ტურბინები, კერამიკული საკისრები და წყლით გაგრილება. გარდა ამისა, წესების მიხედვით, ყველა სატვირთოს უნდა ჰქონდეს ექვი ღერძი და რბოლისას ორივე უკანა წამყვანი ხიდი ჩართული უნდა იყოს.