მოპარული, უცნაური, შევროლეტი, შევროლეტ შაველ ესესი
Aa
Aa

33 წლის შემდეგ მოპარული 1971 წლის Chevelle SS პატრონს დაუბრუნდა

მაშინ, როდესაც ავტომობილის მოპარვიდან არა ერთი ან ორი კვირა, არამედ 33 წელი გადის, ალბათ, მფლობელთა დიდი ნაწილი უკვე თავის ბედსაც ეგუება. თუმცა კალიფორნიაში მომხდარმა შემთხვევამ შესაძლოა ბევრს იმედიც მისცეს, რომ საყვარელი ავტომობილის პოვნის შანსი რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც არსებობს.

საუბარი გვაქვს 1971 წლის Chevrolet Chevelle SS-ზე, რომელიც 1993 წელს მოიპარეს. ავტომობილი სამართალდამცველებმა მხოლოდ 33 წლის შემდეგ აღმოაჩინეს და კანონიერ მფლობელსაც დაუბრუნეს.

გამოძიება სტანდარტული შემოწმებით დაიწყო. კალიფორნიის გზატკეცილის პატრულის (CHP) ობერნის განყოფილების ოფიცრებმა კლასიკური Chevy-ს საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) შეამოწმეს, რა დროსაც ციფრების უზუსტობამ მათი ყურადღება მიიპყრო. CHP-ის განცხადებით, დეტალების სიღრმისეულად გადამოწმება გახდა საჭირო, რაც შემდგომში ავტომობილის ისტორიის სრულმასშტაბიან გამოძიებაში გადაიზარდა.

სან-მატეოს პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და ისტორიული ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად იყო რეგისტრირებული. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა კანონიერ მფლობელს მიაგნეს და მას კლასიკური Chevy უკან დაუბრუნეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ შავი ფერის, თეთრი სპორტული ზოლებითა და Super Sport-ით მოდიფიცირებული მოდელი კვლავ შესანიშნავ მდგომარეობაშია. პოლიციას არ დაუზუსტებია, თუ სად ან ვის საკუთრებაში იმყოფებოდა ავტომობილი წლების განმავლობაში.

ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ავტომობილის ლოდინი ნამდვილად ღირდა. 1971 წლის მოდელს, გასული თაობისგან განსხვავებით, რომელსაც წინა მხარეს ოთხი მაშუქი ჰქონდა, ორ-ორი (თითო მხარეს) მაშუქი დაუყენეს, ასევე განაახლეს ცხაურა, ხოლო უკანა ბამპერში ოთხი მრგვალი მაშუქი ჩააშენეს.

საინტერესოა, რომ General Motors-მა (GM) იმ წელს ძრავების კომპრესიის (შეკუმშვის ხარისხის) შემცირება მოითხოვა, რათა ავტომობილებს ჩვეულებრივ და უტყვიო საწვავზეც ემუშავათ. ამ ცვლილებით 402 ცხენის ძალის მქონე აგრეგატის სიმძლავრე 300 ცხენის ძალამდე შეამცირა. თუმცა, მასიურმა 7.4-ლიტრიანმა LS5 V8 ძრავამ 365 ცხენის ძალას მიაღწია (ყოველ შემთხვევაში, GM-მა დოკუმენტებში ასე ჩაწერა) — რაც 5 ცხენის ძალით მეტი იყო, ვიდრე 1970 წლის მოდელში (360 ცხ.ძ.).

მსგავსი სიახლეები