Aa Aa
19 ივლისი 2023  |  15:37

BMW გაზრდილი მოთხოვნის გამო M3 Touring-ის წარმოებას ზრდის

BMW M3 Touring-ი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მწარმოებელმა შესაძლოა CS ვერსიაც შემოგვთავაზოს.

M3 Touring-ის დაანონსებიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ავტომობილი ძალზედ პოპულარული გახდებოდა. მოდელმა ეს ახლახან დაამტკიცა კიდეც. BMW M-ის ხელმძღვანელმა ფრანკ ვან მილმა დაადასტურა, რომ კომპანია დიდი მოთხოვნის გამო საწარმოო ხაზს აფართოებს. როგორც ჩანს, M3 Touring-ი Audi RS4-ისთვის და Mercedes-AMG C63 Estate-ისთვის არასასიამოვნო კონკურენტია.


BMW M-ის ხელმძღვანელი Bimmer Today-სთან საუბარში აცხადებს, რომ M3 Touring-ის გაყიდვებთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზი ჰქონდათ. თუმცა, ასეთ მაღალ მოთხოვნას თავადაც არ ელოდნენ. შეგახსენებთ, რომ მოდელის დებიუტი გასულ წელს Goodwood Festival of Speed-ზე შედგა. ახლა კი მსურველებს M3 Touring-ის შესაძენად ლოდინი თვეობით უწევთ.

მედიაში ხშირად იწერებოდა იმაზეც, რომ M3 Touring-ის ასეთი წარმატების შემდგომ მწარმოებელი უფრო მძლავრი და მსუბუქი ვერსიის, CS-ის შექმნაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ ავტომობილის დეტალებზე საუბარი რთულია, სავარაუდოდ, მას გაუმჯობესებული აეროდინამიკა და M Performance-ის ნაწილები ექნება. ცვლილებები იქნება ძრავის განყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ M3 CS-ის სედანი ვერსია 543 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

გაზიარება: