Ruf CTR3 Evo შუაძრავიანი სუპერქარია, რომელსაც 789 ცხენის ძალა აქვს
Ruf CTR3-ის უახლესი ვერსია ისტორიაში ყველაზე ძლიერია.
გერმანიაში დაფუძნებულმა ტიუნინგ ატელიე RUF-მა 2023 წლის მონტერეის საავტომობილო კვირეულზე მათი ყველაზე ძლიერი მოდელი CTR3 Evo წარმოგვიდგინა. სუპერქარს 6-ცილინდრიანი ძრავა შუაში აქვს მოთავსებული.
Ruf CTR3-ს დებიუტი 2007 წელს შედგა. ეს იყო Cayman-ზე დაფუძნებული შუაძრავიანი ავტომობილი. 2012 წელს CTR3 Clubsport ვერსიაც ვიხილეთ. CTR3 Evo იმავე რეცეპტითაა აწყობილი, თუმცა, ახალი სტილი, შასი და ტექნიკური განახლებები აქვს.
ავტომობილის მსუბუქი აგებულება კევლარისგანაა. წინა ნაწილი Porsche 997-ს მოგვაგონებს, უკანა კი ძველი Cayman-ის დახვეწილი ვერსიაა. კარბონის დიფუზორიდან მაყუჩის 4 მილი გამოდის. უკანა შუშას ნაცვლად, ძრავის საჰაეროებიანი საფარია.
3.8-ლიტრიანი ორმაგი ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავა 789 ცხენის ძალას და 990ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანი ავტომატიკაა, თუმცა, RUF-ი კლიენტებს მექანიკური გადაცემათა კოლოფსაც სთავაზობს.
Ruf-ს ტექნიკური მონაცემების დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ CTR3 Evo Clubsport-ზე სწრაფი უნდა იყოს. Clubsport-ი 100კმ/სთ-მდე 3.2 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 380კმ/სთ იყო.
Ruf CTR3 Evo-ს ფასი $725,000-ია. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც, RUF-ის სხვა მოდელების მსგავსად, შეზღუდული რაოდენობით გამოვა.