ნისანი, ავტოწარმოება, ავტოწარმოება, ივან ესპინოზა, ნისან მოტორი
Aa
Aa

Nissan-ი იაპონიაში ქარხნებს ხურავს | კრიზისი გრძელდება?

Nissan Motor-ი, წარმოების შემცირების გლობალური რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, იაპონიაში Oppama-ს ქარხნის დახურვას აანონსებს. ავტომწარმოებლის განცხადებით, Oppama-ს ობიექტი  2028 წლის მარტამდე დაიხურება, წარმოება შეწყდება და ოპერაციები ფუკუოკას სამხრეთ პრეფექტურაში მდებარე ქარხანაში გადავა.

იაპონიის სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი წარმოებას Nissan Shatai-ს Shonan-ის ქარხანაშიც შეწყვეტს - ობიექტი, რომელიც მსუბუქ კომერციულ ავტომობილებზეა ორიენტირებული. ამ კონკრეტული ქარხნის დახურვა 2027 წლის მარტამდე იგეგმება, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოზამ განაცხადა.

ესპინოზამ ფართომასშტაბიანი გეგმებიც გამოაცხადა, რომლებიც ბაზარზე პოზიციონირების შეცვლას, მათ შორის გლობალური წარმოების 3.5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე და საწარმოო ობიექტების 17-დან 10-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო როგორც ჩემთვის, ასევე კომპანიისთვის“, - განუცხადა ესპინოზამ ჟურნალისტებს ქარხნის დახურვაზე. „თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია Nissan-მა არსებული რთული სიტუაცია გადალახოს“.

გასულ კვირას Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Nissan-ი ტაივანურ Foxconn-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა Oppama-ს ქარხანა, დახურვისგან გადაერჩინა და ობიექტში ელექტრომობილების წარმოებისთვის გამოეყენებინა. როგორც ჩანს საბოლოოდ ეს მოლაპარაკებები ჩავარდა. ესპინოზამ რამდენიმე სხვა პარტნიორის არსებობაზეც ისაუბრა, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

ავტომწარმოებელმა Oppama-ს ქარხანა 1991 წელს გახსნა და ის იაპონიის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ავტოქარხანაც გახლდათ. Oppama-ს, რომელიც იაპონიის გლობალური ამბიციების სიმბოლო იყო დიდი ხნის განმავლობაში Nissan-ის „დედა ქარხანად“ მოიხსენიებდნენ. ობიექტი 3 900 პირს ასაქმებდა და დღემმდე 18 მილიონამდე ავტომობილი აქვს წარმოებული.

 

მსგავსი სიახლეები