ჩინეთში Volkswagen-მა 17 წლის შემდეგ პირველი მსხვილი ქარხანა დახურა | რა ბედი ეწევა წარმოებას?
სანამ გლობალური ავტომწარმოებლები თავიანთი ოპერაციების რეორგანიზაციას ცდილობენ, Volkswagen-მა ჩინეთში პირველი მსხვილი ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გასულ წელს, IG Metall-ის პროფკავშირთან რამდენიმე ადგილობრივი ქარხნის ოპერირებაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კომპანიამ ჩინეთში, კერძოდ კი ნანძინში ერთობლივ საწარმოს დახურავს.
გერმანული ავტომწარმოებელი აღნიშნულ ობიექტს ადგილობრივ პარტნიორ კომპანია SAIC-თან ერთად მართავს. ეს პარტნიორობა კი, უკვე, 17 წელს ითვლის. Volkswagen-ისა და SAIC-ის საერთო ობიექტის წლიური საწარმოო შესაძლებლობა 360 000 ავტომობილს აღწევდა.
დახურვის შესახებ ინფორმაცია პირველად გერმანულ გაზეთში გავრცელდა. ხმები ცოტა ხნის წინ Volkswagen-მაც დაადასტურა, თუმცა კონკრეტული დეტალები და თარიღები არ გაუსაჯარობია. თუმცა Handelsblatt-ის ცნობით, ობიექტი ეტაპობრივად, წლის მეორე ნახევარში შეწყვეტს ფუნქცინირებას.
„ვადასტურებთ, რომ SVW Nanjing-ის ქარხაბა წარმოებას აჩერებს“, - განაცხადა VW-ის წარმომადგენელმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერიუში და დასძინა, რომ SAIC VOLKSWAGEN-ის ობიექტების უმრავლესობა ელექტრომობილების წარმოებისთვის გარდაიქმნა ან გარდაიქმნება.
ქარხნის მომავალი დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მისი დახურვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. მიზეზად კი, წვის ძრავიანი ავტომობილების ადგილობრივი გაყიდვების შემცირება დასახელდა. იმ დროს ქარხანა VW Passat-ის და Skoda-ს რამდენიმე მოდელს აწარმოებდა.
ცნობისთვის, Volkswagen-ი ჩინეთში 90 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 39 ქარხანას მართავს. თუმცა, ამ ობიექტების გამოყენების მაჩვენებლები COVID-19-ის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.