Aa Aa
7 სექტემბერი 2023  |  11:44

ეს Bizzarini Giotto-ა და მას Cosworth-ის 12-ცილინდრიანი ძრავა აქვს

ძრავის მოცულობა ჯიოტო ბიზარინის დაბადების თარიღს ემთხვევა.

ჯორჯიტო ჯუჯაროსა და მისი ვაჟის, ფაბრიციოს მიერ დახაზული Giotto უდავოდ ლამაზი ავტომობილია. 85 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა წარსულში Bizzarini 5300 GT-ზეც იმუშავა. ახლა მას ამ ავტომობილის სულიერი მემკვიდრის შექმნის ბედნიერება ხვდა წილად. ავტომობილის პირველადი ნახაზები გასულ თებერვალს ვიხილეთ. რამდენიმე დღის წინ კი ავტომობილის ნამდვილი სურათები გავრცელდა. მანქანას „Hyper GT” კლასის სახელი მიანიჭეს. ამას თავისი მიზეზი აქვს. მისი კორპუსი მთლიანად კარბონისგან არის დამზადებული.



სურათებთან ერთად, Bizzarrini-მ ავტომობილის მახასიათებლებიც გაასაჯაროვა. მანქანა მძლავრი V12-ით იქნება აღჭურვილი. ეს ატმოსფერული ძრავა 6626-კუბური სანტიმეტრი მოცულობისაა. ეს შემთხვევითობა არ გახლავთ. ის ჯიოტო ბიზარინის დაბადების თარიღს - 1926 წლის 6 ივნისს დაამთხვიეს. ცნობილი ინჟინერი 2023 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. მას ისეთი მოდელების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორიც Lamborghini V12 და საკულტო Ferrari 250 GTO-ა.


ახალი Giotto-სთვის Cosworth-მა ისეთი 12-ცილინდრიანი ძრავა შექმნა, რომელიც გამონაბოლქვის თანამედროვე შეზღუდვებს აკმაყოფილებს. ეს კი მართლაც რომ დასაფასებელია. V12 ძრავები გადაშენების პირასაა. ზუსტი მონაცემები ჯერ კიდევ არ გასაჯაროებულა, თუმცა, ვიცით, რომ კოლოსალური რაოდენობის სიმძლავრეს 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის მქონე ავტომატური კოლოფი გაანაწილებს.



Giotto-ს დიზაინი უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი მოყვანილობის კორპუსის პანელები. ყველა ნაწილი ისეა შექმნილი, რომ მანქანას აეროდინამიკურად წაადგეს. მაგალითისთვის, მოდელს F1-ის ტექნოლოგიით წარმოებული ტუჩი და უკანა დიფუზორი აქვს.

კომპანია ავტომობილის საგზაო ტესტირებას 2024 წლის ბოლოს დაიწყებს. წარმოების შემდეგ კი ერთეულის ფასი 2 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება: