Aa Aa
26 სექტემბერი 2023  |  11:31

ავტომობილების ფასები, 2019 წელთან შედარებით, 67%-ითაა გაზრდილი

2019 წელს 3 წლის ავტომობილის ყიდვა 23 000$-ად შეიძლებოდა, ახლა კი ამ ფასად 6 წლის ავტომობილიც არ მოგივათ.

მეორადი ავტომობილების ფასები რომ გაზრდილია ეს განცხადებების საიტზე თვალის შევლებითაც ჩანს. ახლახან აშშ-ში კვლევა ჩატარდა, სადაც უფრო კარგად გამოჩნდა თუ რასთან გვაქვს საქმე.

თუ 2019 წელს ამერიკელები გარკვეული თანხით გარკვეული წლის ავტომობილს ყიდულობდნენ, ახლა ამავე რაოდენობის თანხით ორჯერ უფრო ძველი ავტომობილის შეძენაც უჭირთ. უფრო კონკრეტულად კი 2019 წელს 23 000$-ად სამი წლის ავტომობილის შეძენა იყო შესაძლებელი, მაგრამ დღეს ამ თანხით ექვსი წლის ავტომობილის ყიდვაც ჭირს.

iSeeCars-მა ეს მონაცემები 2019-დან 2023 წლამდე გაყიდულ ავტომობილებზე დაკვირვებით მოაგროვა. მათ დაასკვნეს, რომ ავტომობილების საშუალო ასაკი 4.8 წლიდან 6.1 წლამდე გაიზარდა. საშუალო ფასმა კი 20 398$-დან 27 133$-მდე მოიმატა.

ეს მნიშვნელოვანი სხვაობა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორისაა ინფლაცია, მოთხოვნა, პანდემია და სხვადასხვა საწარმოო ხაზების შეჩერება. კომპიუტერული ჩიპების კრიზისის გამო კი ქარხნების გახსნაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ყველას გვსურს, რომ კორონავირუსის პანდემია წარსულში დავტოვოთ, თუმცა მისი ეფექტი 2023 წელს დღის წესრიგს მაინც ქმნის. 2019 წელს, მეორადი ავტომობილების ბაზარზე, ერთი წლის ავტომობილის საშუალო ფასი 27 793$ გახლდათ. ეს მაჩვენებელი 67%-ით არის გაზრდილი და ახლა 46 403$-ს შეადგენს. ამავე პერიოდში სამი წლის მანქანის ფასმა 23 048$-დან 32 493$-მდე მოიმატა.

ეს ყველაფერი არ არის. ათწლეულის წინ გამოშვებული ავტომობილების საშუალო ფასი 38.9%-ით არის გაზრდილი. თუ აშშ-ში 2019-ში ათი წლის მანქანას 10 728$-ად შეიძენდნენ, ახლა ამისთვის ამერიკელებს 14 898$ დასჭირდებათ.

მეორადი ავტომობილების ბაზრის უახლესი კვლევა საქართველოში Galt And Taggart-მა ჩაატარა. ეს კვლევა 2021 და 2022 წლების სიტუაციას შეისწავლიდა. მეორადი ავტომობილების ფასები ამ პერიოდშიც მზარდი იყო. ეს რამდენიმე მიზეზით გახლდათ გამოწვეული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები იყო. თუმცა, ის ვარაუდი, თუ რა იქნება 2023 წელს შეგვიძლია აშშ-ში არსებულ სიტუაციაზე დავაფუძნოთ. 

გაზიარება: