Aa Aa
30 სექტემბერი 2023  |  11:59

უცნაურობა - მექანიკური კოლოფით აღჭურვილი მანქანების გაყიდვები მზარდია

თუ 2021 წელს მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილები ბაზრის წილის 0.9%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 1.7%-მდე გაიზარდა.

წლების განმავლობაში მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები უმნიშვნელოდ იზრდებოდა. 2023 წელს კი აშშ-ში ახალი ავტომობილების 1.7% სწორედ ასეთი ტიპის ტრანსმისიით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გიჟური მონაცემი არ არის გასათვალისწინებელია, რომ საუბარი საკმაოდ დიდ ბაზარზე გვაქვს. ეს სტატისტიკა კი მყიდველთა ქცევის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

აღსანიშნია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მექანიკური კოლოფით წარმოებული ავტომობილების შეძენით მნიშვნელოვან თანხებს ვერავინ ზოგავს. სწორედ ამიტომ არის საყურადღებო ის ინფორმაცია, რასაც J.D. Power-ი აქვეყნებს.

Edmunds.com-ის დირექტორი, ივან დრარი აცხადებს, რომ მექანიკური კოლოფით წარმოებულ ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდა ნოსტალგიას და წარსული გამოცდილებების გახსენებას უკავშირდება. თავად დრარი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე Mazda MX-5-ს ფლობს. მან კარგად იცის, თუ რამდენად ცვლის ასეთი ტიპის კოლოფი მართვის გამოცდილებას. 

ამჟამად, მექანიკურ კოლოფებს მწარმოებლები სპორტულ მოდელებშიც ხშირად გვთავაზობენ. ყველასთვის ცნობილია, რომ უახლესი M3 და M4-ის შეძენა მექანიკური კოლოფითაც არის შესაძლებელი. ასეთი ტრანსმისიით შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი Honda Civic-იც, Ford Mustang-იც, Subaru WRX-იც და Golf R-იც.

თუმცა, ეს ტრენდი არ ვრცელდება ისეთ ავტომობილებზე, რომლებიც კონკრეტულად ტრეკისთვის შექმნეს.

და თქვენ როგორი ტიპის კოლოფით შეიძენდით სასურველ სპორტულ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: