Aa Aa
6 აპრილი 2024  |  13:02

„ლე მანის“ ბოლო Porsche 917 აუქციონზე იყიდება

Porsche 917 პირველი მოდელია, რომელმაც გერმანულ ავტომწარმოებელს 1970 წელს, Le Mans 24 Hours-ზე გამარჯვება მოუტანა. თუმცა, ტრასაზე 917-ის დომინანტურ ძალად გარდაქმნას Porsche-ს ინჟინრების გულმოდგინე შრომა დასჭირდა, რათა აეროდინამიკაში არსებული ხარვეზები სრულად აღმოფხვრილიყო.

World Sportscar Championship-ში შედარებით ხანმოკლე, თუმცა გამორჩეული მოღვაწეობისას, 917-მა თავისი შეუდარებელი წარმადობით, 23 რბოლაში 15 გამარჯვება მოიპოვა. მოდელის წარმატებამ განამტკიცა Porsche-ს, როგორც გამძლეობის რბოლაში ძლიერი კონკურენტის რეპუტაცია და 917-ს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული სარბოლო მანქანის სტატუსიც დაუმკვიდრა.

თუმცა, გამძლეობის რბოლის რეგულაციების ცვლილებებით, 1971 წლის კამპანიის შემდეგ,  Porsche 917 ფაქტობრივად „საქმის გარეშე დარჩა“. World Sportscar Championship-ს ჩამოშორებიდან მალევე, ავტომობილმა შესაძლებლობები უკვე Can-Am სერიებში გამოცადა, სადაც რეგულაციებიც მისთვის ბევრად მისაღები იყო. Can-Am-ი ავტომწარმოებლებს ბევრად ძლიერი და ინოვაციური სარბოლო მანქანების გამოყენების საშუალებას აძლევდა.

1981 წელს კი, Porsche 917-ს გაუჩნდა უნიკალური შესაძლებლობა დაბრუნებულიყო პრესტიჟულ Le Mans 24 Hours რბოლაში. ამ შესაძლებლობით ისარგებლა გერმანულმა Kremer Racing-მა, რომელმაც გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობით 917-ის მოდიფიცირებული ვერსია - 917 K-81 შექმნა, ადაპტირებული იმ დროის რეგულაციებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სწორედ ეს არის Porsche-ს მიერ შექმნილი ბოლო 917 და უკანასკნელიცაა, რომელმაც „ლე მანზე“ იასპარეზა. ახლა კი, Sotheby’s-ის აუქციონზე გასატანად ემზადება. მოდელის ფასი სავარაუდოდ £3-დან £4.3 მილიონამდე იქნება.

და რით განსხვავდება აუქციონზე გამოტანილი მოდელი მისი ადრინდელი ვერსიებისგან? - ეს არის ძრავა, რომელიც 2019 წელს ხელახლა შეიქმნა: 5-ლიტრიანი, ჰაერით გაგრილებადი 12-ცილინდრიანი ძრავა დაახლოებით 573 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მონაცემები შესაძლოა შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი თითქმის „პატარა ბავშვის წონისაა“, 1,100 ცხენის ძალამდე მატების პოტენციალი აქვს.

 

გაზიარება: