ჯერემი კლარკსონი, ტოპ გირი, ზი გრანდ ტური
Aa
Aa

„მოძალადის გამოძიება რასიზმი არაა“ | ჯერემი კლარკსონის განცხადებები კვლავ განხილვის საგანია

The Grand Tour-ისა და Top Gear-ის ყოფილი წამყვანი, ჯერემი კლარკსონი მსახიობმა და კომიკოსმა ჯონ კლიზმა საჯაროდ დაიცვა. კლიზმა კლარკსონს მხარდაჭერა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტელეწამყვანის გასული წლის განცხადებები ბრიტანეთში ე.წ. Grooming Gangs-ის სკანდალის შესახებ სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა.

ე.წ. გრუმინგ-ბანდები ეწოდება დაჯგუფებებს, რომელთა წევრებსაც არასრულწლოვანი გოგონების მოტყუებაში, სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. დიდ ბრიტანეთში ამ დანაშაულებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებულთა შორის პაკისტანური წარმოშობის მამაკაცებიც იყვნენ.

კლარკსონის განცხადებები სწორედ ამ დაჯგუფებების საქმიანობას უკავშირდებოდა. Monty Python-ისა და Fawlty Towers-ის ვარსკვლავმა, ჯონ კლიზმა კი, მის პოზიციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლარკსონს მისგან 100%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ყოფილი Top Gear-ის წამყვანი, რომელიც ოქსფორდშირში, კოტსვოლდსში ცხოვრობს, გასულ წელს გამოცემა The Sun-ისთვის დაწერილ სვეტში აცხადებდა, რომ ე.წ. „გრუმინგ-ბანდების“ საქმეზე კიდევ ერთი საჯარო გამოძიების ჩატარება საჭიროდ არ მიაჩნდა. კლარკსონის თქმით, საჯარო გამოძიებები ხშირად მხოლოდ იმ ადამიანების შეკრებით შემოიფარგლება, რომელთა უმეტესობაც საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში მოხვედრას ცდილობს. მისი აზრით, პრობლემის არსი უკვე ცნობილია და მის გასაგებად დამატებითი გამოძიება საჭირო არ არის.

კლარკსონმა ასევე გააკრიტიკა პოლიტიკური კორექტულობის გავლენა სამართალდამცავ ორგანოებზე. მისი განცხადებები მაშინაც კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ტელეწამყვანი პოლიციის მხრიდან დამნაშავეთა ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბრის აუცილებლობას უსვამდა ხაზს და მიიჩნევდა, რომ სამართალდამცავები რასიზმში დადანაშაულების შიშის გარეშე უნდა მოქმედებდნენ.

კლარკსონის განცხადებით, რიგით პოლიციელებსაც ეშინიათ დანაშაულის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობონ, რადგან შესაძლოა, რასიზმში დაადანაშაულონ და პროფესიული რეპუტაცია შეელახოთ.

„პოლიციას პოლიტიკური კორექტულობის ბორკილები უნდა მოვხსნათ. უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადის გამოძიება რასიზმს არ ნიშნავს. თუ ამას გავაკეთებთ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საქმის ნახევარი უკვე შესრულებული გვექნება“, — წერდა კლარკსონი.

მისი აზრით, მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ შესაბამისი უწყებები დამნაშავეთა ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარს ერიდებიან, რათა რასიზმის ბრალდებების სამიზნე არ გახდნენ. თუმცა კლარკსონის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. აქტივისტების ნაწილი მის კომენტარებს რასობრივი შეუწყნარებლობის წამახალისებლად მიიჩნევს. ზოგიერთი მათგანი კომპანიებსა და ციფრულ პლატფორმებს კლარკსონთან თანამშრომლობის შეწყვეტისკენაც მოუწოდებს.

ამჯერად ჯონ კლიზის საჯარო მხარდაჭერამ კლარკსონის გასული წლის განცხადებები კვლავ აქტუალური გახადა და ძველი დაპირისპირება განაახლა. მოჰყვება თუ არა ამ ამბების გახსენებას კლარკსონისადმი კრიტიკის ახალი ტალღა, ამას ალბათ უახლოეს პერიოდში გავიგებთ. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები