Porsche 924 | საამიროების პირველი საპოლიციო სპორტქარიდან მუზეუმამდე
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპორტქარებისა და სხვა ძვირად ღირებული ავტომობილებისგან დაკომპლექტებული მდიდრული ავტოპარკითაა ცნობილი. დღეს ეს აღარავის უკვირს, თუმცა რეალურად, მაღალი წარმადობის მქონე ავტომობილების პოლიციის მანქანებად გამოყენების ისტორია გაცილებით ადრე, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო. ეს ისტორია კი სათავეს Porsche 924-ით იწყებს.
1979 წელს გამოშვებული Porsche 924 პირველი სპორტქარი იყო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური პოლიციის ავტოპარკში ჩაირიცხა. მას განსაკუთრებული დავალებაც დაეკისრა: იმავე წელს, პირველი სამეფო ვიზიტის დროს, დედოფალ ელიზაბეთ მეორის ესკორტირება.

ისტორიული ავტომობილი Porsche Centre Abu Dhabi-სა და Al Ain-ის სპეციალისტებმა აღადგინეს. მიზანი მოდელის პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად დაბრუნება იყო. ისინი არც მხოლოდ ავტომობილზე საპატრულო სიმბოლიკის დატანით შემოფარგლულან და Porsche-ს ორიგინალი წარწერებიც სპეციალური სიმბოლიკით აღადგინეს.
განახლებული Porsche 924-ის საჯარო დებიუტი 21-22 ნოემბერს დუბაიში, Icons of Porsche-ის ფესტივალზე შედგება. ღონისძიების შემდეგ ავტომობილი აბუ დაბიში გადაინაცვლებს, სადაც Al Maqta-ს მუზეუმში გამოიფინება.
წარსულში თუ მსგავსი ავტომობილები საპატრულო მანქანებს შორის ძალიან უკვირდათ, ახლა საამიროების პოლიციის ავტოპარკი გაცილებით შთამბეჭდავია. წლების განმავლობაში აქ ისეთი დონის ავტომობილები გვინახავს, როგორებიცაა Lambo-სა და Ferrari-ს მოდელები, ასევე Porsche 911-იც. ბოლო დროს საპატრულო რიგებში ელექტრო Taycan-იც მოხვდა. თუმცა ერთი ჩვეულებრივი მოდელი არც Porsche 924 გახლავთ.
ისტორიული მოდელის აღდგენას განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვა აქვს მაშინ, როდესაც Porsche წინა ძრავითა და უკანა გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი სპორტული ავტომობილების (Transaxle) წარმოების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1976 წელს წარდგენილმა 924-მა კონსტრუქციული გადაწყვეტა შემოგვთავაზა, რომელშიც ძრავა ავტომობილის წინა ნაწილში, ხოლო გადაცემათა კოლოფი და დიფერენციალი უკანა ნაწილში თავსდებოდა. მსგავსი განლაგებით წონის ბევრად უფრო თანაბარ გადანაწილებასაც ვიღებდით. მოგვიანებით ამავე კონცეფციით Porsche 928, 944 და 968 შეიქმნა.
Porsche 924-ის უჩვეულო ისტორია
Porsche 924-ის შექმნის ისტორიაც კი საკმაოდ არასტანდარტულია. 1970-იანი წლების დასაწყისში Volkswagen-მა Porsche-ს VW-Porsche 914-ის შემცვლელი მოდელის შემუშავება დაუკვეთა. პროექტი, კოდური სახელწოდებით EA 425, პრაქტიკული 2+2 სპორტქარის შექმნას ითვალისწინებდა. მოდელს წინ განთავსებული ძრავა და უკან მოთავსებული გადაცემათა კოლოფი უნდა ჰქონოდა.

თუმცა Volkswagen-ი ფინანსურ პრობლემებში გაეხვა და 1974 წელს პროექტის შეჩერება გადაწყვიტა. მაგრამ ამ დროისთვის მოდელის განვითარება უკვე საკმაოდ შორეულ ეტაპზე გახლდათ, რის გამოც Porsche-მ პროექტი უკან გამოისყიდა და შედარებით ხელმისაწვდომი მოდელის შექმნა განაგრძო. გერმანული კომპანიის ეს გადაწყვეტილება კი საკმაოდ დროული გამოდგა, რადგან 1973 წლის ნავთობის კრიზისის გამო იაფ ავტომობილებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი გახლდათ. Porsche-საც მომხმარებლების მოზიდვა სჭირდებოდა.
სერიული წარმოების Porsche 924 ბაზარზე უკვე 1976 წელს გამოჩნდა. მოდელი მომხმარებლის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლითაც წარდგა. ეს იყო კომპანიის ისტორიაში პირველი მასობრივი წარმოების მოდელი, წინა ნაწილში მოთავსებული წყლით გაგრილებადი ძრავით. გადაცემათა კოლოფი კი ავტომობილის წონის უკეთ გადასანაწილებლად უკანა მხარეს მოთავსდა.

924 Audi-ს 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რომლის გამომუშავებაც 123 ცხენის ძალას აღწევდა. თუმცა ამ უჩვეულო კონსტრუქციამ Porsche-ს მომხმარებელში მოწონება თავიდანვე ვერ მოიპოვა. მათ უკმაყოფილებას როგორც Audi-ს აგრეგატის გამოყენება, ისე ავტომობილის უჩვეულო კონსტრუქცია და დიზაინი იწვევდა. ზოგიერთიც თვლიდა, რომ მოდელი Porsche-ს არ შეეფერებოდა.
დროთა განმავლობაში 924-ის კრიტიკოსთა ნაწილმა აზრი შეიცვალა და მოდელიც კომერციულად წარმატებულ ავტომობილად იქცა. 1978 წელს Porsche-მ ხაზს 924 Turbo შემატა, რომლის თავდაპირველი სიმძლავრე 168 ცხენის ძალას შეადგენდა. მოგვიანებით უფრო სპორტული Carrera GT და Carrera GTS ვერსიებიც გამოვიდა. 924 მოგვიანებით Porsche 944-ის საფუძვლადაც იქცა. ეს უკანასკნელი ბაზარზე 1981 წელს გამოჩნდა.

Porsche 924-ის წარმოება 1988 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ მოდელისა და მისი სხვადასხვა ვერსიის დაახლოებით 325 000 ეგზემპლარი გამოუშვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს