კვლევა: Mustang Mach-E-ს ბატარეები იმაზე გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ
მძღოლებს შორის ელექტრომობილების შეძენისას ერთ-ერთი მთავარი შიში კვლავ ბატარეის ცვეთა და მისი ძვირადღირებული შეცვლის პერსპექტივაა. თუმცა, Ford-ის მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს შიშები ძირითადად გადაჭარბებულია. კომპანიამ პირველი წლის, 2021 სერიის 36 000-მდე Mustang Mach-E-ს აკუმულატორის ჯანმრთელობა შეისწავლა და შედეგები საკმაოდ იმედისმომცემი აღმოჩნდა.
როგორც ირკვევა, გამოკვლეული ელექტრომობილების 95%-ში აკუმულატორის რესურსი თავდაპირველი მოცულობის 87%-დან 97%-მდე მერყეობს, საშუალო მაჩვენებელი კი 92%-ს შეადგენს.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Ford-ი აცხადებს, რომ მისი აკუმულატორები მინიმუმ 10-წლიანი ექსპლუატაციისთვის და 100 000 მილის (დაახლოებით 160 000 კმ) გასავლელადაა პროექტირებული — ასეთ მანძილზე ტევადობის, მინიმუმ, 90% უნდა შენარჩუნდეს. რეალური მონაცემები ამ ვარაუდს სრულად ამყარებს — იმ 2000-ზე მეტ Mustang Mach-E-ს შორის, რომელთა გარბენმაც 100 000 მილს გადააჭარბა, აკუმულატორის ჯანმრთელობის საშუალო მაჩვენებელი კვლავ 91%-ზე მაღალია.

30-ზე მეტმა გამოკვლეულმა ელექტრომობილმა 200 000 მილზე მეტი გაიარა და აკუმულატორების საშუალო ტევადობამ აქაც ძალიან შთამბეჭდავი 88% შეადგინა. აღნიშნული მონაცემები ნიკელ-კობალტ-მანგანუმის (NCM) ბატარეებს ეხება, რომლებსაც ფორდი პირველი თაობის მოდელებში იყენებდა.
როგორ შევანელოთ ბატარეის ცვეთა?
როგორც კვლევები აჩვენებს, აკუმულატორის ხანგრძლივობაზე გარბენზე მეტი გავლენა სწორედ დამუხტვის ჩვევებსა და ექსპლუატაციის პირობებს აქვს. თანამედროვე ბატარეების მაქსიმალური ვარგისიანობისთვის ფორდი შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს — უკიდურესი სიცხე ან ყინვა ბატარეის მთავარი მტერია. ზაფხულში სასურველია ავტომობილის ჩრდილში გაჩერება, ხოლო მუშაობის დაწყებამდე, დენის წყაროსთან შეერთებულ მდგომარეობაში, აკუმულატორის წინასწარი თერმო-მომზადება.

ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ მე-2 დონის ნელ დამმუხტველებს და მოერიდეთ მუდმივად სწრაფი დამმუხტველების გამოყენებას, თუ ეს აუცილებლობით არ არის გამოწვეული. მსგავსი კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ელექტრომობილების ბატარეები ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე ამას საზოგადოების დიდი ნაწილი ვარაუდობს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს