სანამ საავტომობილო სამყარო შტორმს ებრძვის, Toyota მზეს ეფიცხება...
თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში მძიმე პერიოდი დგას და მწარმოებელთა უმეტესობა სერიოზულ ფინანსურ გამოწვევებს აწყდება (განსაკუთრებით Volkswagen-ი და მისი შვილობილი კომპანიები), თუმცა, როგორც ჩანს, Toyota-ს მოკვდავების გასაჭირი არ აინტერესებს. ტრადიციული ბრენდების ფონზე, იაპონური ავტომწარმოებელი ძალიან მყარად გამოიყურება! ამის მთავარი მიზეზი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართ არსებული არნახული მოთხოვნაა.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
მიმდინარე ტენდენციების მიუხედავად, იაპონურმა გიგანტმა თავიდან აირიდა მესამე კვარტლის ისეთი კატასტროფული მაჩვენებლები, როგორიც სხვა კომპანიებმა აჩვენეს. 2027 წლის მარტში დასრულებელი ფინანსური წლისთვის Toyota-მ საოპერაციო მოგების პროგნოზი 3.9 ტრილიონ იენამდე ($24.6 მილიარდი) გაზარდა, რაც წინა პროგნოზზე 15%-ით მეტია. თუმცა, ეს კომპანიის მიერ გავრცელებული ერთადერთი პოზიციური სიახლე არ არის.

Toyota გეგმავს, რომ 2031 წლის მარტამდე აქციონერთა დივიდენდების სახით 14 ტრილიონი იენი ($89 მილიარდი) გასცეს, რაც წინა ხუთ წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ამ განცხადების ფონზე, ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, კომპანიის აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა. გარდა ამისა, ავტომწარმოებელი რობოტიკის სფეროში შესვლასაც აპირებს — 2030 წლისთვის კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე დამატებით 22 ტრილიონი იენი ($139 მილიარდი) დაიხარჯება.
კომპანიის მდგრადობა ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართ მისი ურყევი ერთგულების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა — მაშინ როდესაც სხვები ფსონს მხოლოდ სრულ ელექტრომობილებზე ჩამოდიოდნენ, იაპონური გიგანტი ჰიბრიდებს ჯიუტად ავითარებდა. რეგულაციებისა და გეოპოლიტიკური კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ამ სტრატეგიამ სრულად გაამართლა: წელს აშშ-ში მესამე კვარტლის გაყიდვების საერთო მოცულობაში ელექტრიფიცირებულმა ავტომობილებმა 57.4% შეადგინა. ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების სეგმენტმა წლიურ ჭრილში 28.5%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო სექტემბერში რეკორდული, 37.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აღნიშნულმა წარმატებამ კომპანიას საშუალება მისცა, სრულად გადაეფარა ჩინეთის ბაზარზე არსებული მკვეთრი ვარდნა და სამომავლო ზრდის მოლოდინები გაეუმჯობესებინა. Toyota-ში იმედოვნებენ, რომ ჩინეთში არსებულ უარყოფით ტრენდსაც შეატრიალებენ — მიუხედავად იმისა, რომ წელს გაყიდვები შემცირდა, კომპანია ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობისა და შესყიდვების ჩარჩოების სრულად გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს. პრაქტიკაში რას მოიტანს ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება — იქამდე კი ბრენდის აქციონერებს შეუძლიათ, არაფერზე იდარდონ...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს