ახალი ავტომობილისთვის საშუალო ფასი კვლავ რეკორდებს ხსნის | რა განაპირობებს ზრდას?
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების საშუალო ფასმა ისტორიაში პირველად $51 000-იანი ნიშნული გადალახა. აშშ-ში ახალი ავტომობილების გაძვირება რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის მწარმოებლების მხრიდან ავტომობილებზე საცალო ფასების გაზრდითა და ფასდაკლებებისა თუ სხვა წამახალისებელი პროგრამების შეზღუდვით.
ასევე იხილეთ: TOP 8 გამძლე სედანი, რომელსაც 15 000$-ად შეიძენთ
Kelley Blue Book-ის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში აშშ-ის ბაზარზე ახალი ავტომობილის საშუალო გასაყიდმა ფასმა $51 109 შეადგინა. ეს სექტემბრის მაჩვენებელზე $649-ით, შესაბამისად, 1.35%-ით მეტია, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2.1%-ით აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ზრდა შედარებით ზომიერია, ახალი ავტომობილების საშუალო ფასების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი დიდი ზომის SUV-ებსა და პიკაპებზე პოპულარობის ზრდამ შეიტანა. ასევე, ცნობისთვის, ოქტომბერში მწარმოებლების მიერ რეკომენდებული საცალო ფასიც გაიზარდა და $52 933-ს მიაღწია. ეს სექტემბერზე 1.4%-ით, ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 2.4%-ით მეტია.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ფასების ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ამერიკელ მომხმარებელში დიდი ზომის და ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ მოთხოვნის ზრდაა. ეს განსაკუთრებით საშუალო ზომის SUV-ებსა და სრული ზომის პიკაპებს ეხებათ.
ოქტომბერში საშუალო ზომის SUV-ები აშშ-ის ავტომობილების ყველაზე გაყიდვად ტიპებს შორის პირველ ადგილზე იყო, რითაც მათ კომპაქტური SUV-ებიც ჩამოიტოვეს, რომლებიც სექტემბრის ლიდერები იყვნენ. ამასთან, საშუალო ზომის SUV-ების გაყიდვები წლიურ ჭრილში თითქმის 10%-ით გაიზარდა.
Kelley Blue Book-ის მონაცემებით, ოქტომბერში საშუალო ზომის SUV-ისთვის საშუალო გასაყიდმა ფასმა $50 570 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-იანი ზრდაა. სრულზომიანი პიკაპები კიდევ უფრო ძვირი ღირდა – მათი საშუალო ფასი $67 912 იყო, რაც წლიურად 1.4%-ით მეტია.

რაც შეეხება სხვა კატეგორიებს: კომპაქტური SUV-ების საშუალო ფასი $37 895 იყო, რაც წლიურად 4.3%-იანი ზრდაა. მცირე ზომის SUV-ების ფასი $31 333 იყო და ეს უკვე 1.9%-იანი მატებაა.
2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ამერიკაში შედარებით ხელმისაწვდომ კატეგორიად კვლავ კომპაქტური სედანები გვევლინებიან, რომელთა საშუალო გასაყიდი ფასი $28 030-ია. თუმცა მათი ფასიც გაზრდილია და ისინი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 3.4%-ით მეტი ღირს.

ელექტრომობილები კვლავ იაფდება
საინტერესოა, რომ იმის მიუხედავადაც, რომ ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ელექტრომობილებიც გაძვირდა, წლიურ ჭრილში მათი ღირებულება მაინც შემცირებულია. კერძოდ, ოქტომბერში ახალი ელექტრომობილის საშუალო გასაყიდმა ფასმა $56 220 შეადგინა. ეს სექტემბრის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, თუმცა 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია.
ელექტრომობილების მყიდველები, როგორც წესი, აშშ-ში შეღავათებისა და ფასდაკლებების უფრო მეტი შეთავაზებით სარგებლობენ, ვიდრე ტრადიციული ავტომობილების შეძენის მსურველები. ოქტომბერში ელექტრომობილებზე ფასდაკლებებისა და სხვა შეთავაზებების საშუალო მოცულობა ავტომობილის გასაყიდი ფასის 11.3%-ს შეადგენდა, ხოლო სრულად საავტომობილო ბაზარზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6.8% იყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს