Aa Aa
24 მაისი 2024  |  16:22

87 წლის ბებია Nissan 200SX-ით

გაიცანით 87 წლის ჯუნ ბოუერი, რომელიც მექანიკური კოლოფის მქონე 1991 წლის Nissan 200SX-ს ფლობს.

Nissan-ის S13-შასის 30 წელი შეუსრულდა და შესაბამისად, მისი კარგად შემონახული ეგზემპლარების პოვნაც საკმაოდ რთული საქმე გახდა. ბევრად რთული და თითქმის შეუძლებელი კი, სრულად ქარხნული და ორიგინალი ნაწილების მქონე მოდელის აღმოჩენაა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელი არაფერია და ერთ-ერთი ასეთი მანქანა, ამ პერიოდის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის პატარა სოფელში იმალებოდა. ამ ყველაფერზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მექანიკური კოლოფის მქონე 1991 წლის Nissan 200SX-ის მფლობელი 87 წლის ჯუნ ბოუერია.

ჯუნმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი დიდ და ხალხმრავალ ქალაქ იოჰანესბურგში გაატარა. 59 წლის ასაკში კი, მეუღლესთან ერთად, ცხოვრების „გამარტივება“ და ქაოსისგან თავის დაღწევა გადაწყვიტა. ცხოვრების სტილის შეცვლისთვის კი, ქმრისგან, მანქანის სახით, „ქრთამიც“ მიიღო. სასურველი მოდელიც თავად აარჩია და სამხრეთ აფრიკის პატარა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად.

იაპონური სპორტული მანქანა, იმ დროისთვის, საკმაოდ რთულად საშოვნელი იყო. არც ქვეყანაში იყო ადვილად ხელმისაწვდომი, რისთვისაც 200SX-ის შეკვეთით ჩამოყვანა მოუწია. საოცნებო გასაღებით ხელში კი, ახალი ცხოვრება დაიწყო.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მანქანა ავტოფარეხში ინახებოდა. ჯუნს მისთვის არც შესაფერისი „მოვლა -პატრონობა“ დაუკლია, რაც ექსტერიერზეც შესამჩნევია. მანქანა ისევ კაშკაშა წითელი საღებავითაა დაფარული და ჟანგის კვალიც არსად შეიმჩნევა. არც გაყიდვას ფიქრობს, იმის მიუხედავად, რომ დაინტერესება კოლექციონერებისა და ავტოენთუზიასტებისგან, ყოველთვის იყო.

და კითხვაზე, უტარებია თუ არა თავად ტრასაზე ავტომობილი, ჯუნმა ასეთი პასუხი გასცა: „ერთხელ ავიღე 160 კმ/სთ და ეს ჩემთვის საკმარისი იყო“.

გაზიარება: